საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დეკემბრის თვეში დიდი აქციისთვის ემზადებიან. ამის შესახებ სააკაშვილმა წერილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაავრცელა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” “კატასტროფულ სიტუაციაშია”, რადგან ქვეყანაში მომატებულია ფასები, საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთები, ქვეყნიდან მიდის “სამუშაო ძალა” და მმართველმა პარტიამ “პრაქტიკულად წააგო” ბოლო სამი არჩევნები. ასევე, მინიმუმამდე შემცირებულია საგარეო მხარდაჭერა, ოპოზიცია კი, “როგორც არასდროს, ერთიანია”.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, ამ დროს “ქართული ოცნება” რიგგარეშე არჩევნებისგან და სააკაშვილის გათავისუფლებისგან სხვა თემებზე ყურადღების გადატანას ცდილობს.
“რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში – საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა “ექსპერტები”, რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას.
ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.
რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? – პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს, რაზე ვთანხმდებით. ჩემის აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია, ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და, მეორე მხრივ, თავისუფლება – არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან.
ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით – არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა”, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.
შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.