არ ვიცი, რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი – დეგნანი კობახიძეზე

არ ვიცი, რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი – დეგნანი კობახიძეზე

„წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი“, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ირაკლი კობახიძის კომენტარს.

კობახიძემ გუშინ თქვა, რომ შეიძლება ღიად ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რას ითხოვდნენ მათგან „სატელეფონო საუბრებში“.

„დღეს არ მინდა უბრალოდ საუბარი, შეიძლება მომავალში დაგდეს ამის დრო, ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ“, – განაცხადა გუშინ ირაკლი კობახიძემ მოსამართლეების სანქცირების შემდეგ.

კელი დეგნანმა კი განაცხადა, რომ მის კომენტარში უფრო შემაშფოთებელი ისაა, კობახიძემ სატელეფონო თვალთვალის შესახებ მიანიშნა.

„შემაშფოთებელი ისაა, რომ მან მიანიშნა, თითქოს გრძელდება სატელეფონო საუბრების უკანონო თვალთვალი. საქართველოს მოქალაქეები ძალიან შეშფოთებულები იქნებიან იმის გაგებით, რომ მის საუბრებს უსმენენ. არ ვიცი, რაზე საუბრობს ის, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი“, – თქვა კელი დეგნანმა „მთავართან“ ინტერვიუში.

წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, მიანიშნებდა თუ არა ირაკლი კობახიძე ხელისუფლების მიერ უკვე აქამდე უკვე არაერთხელ გაჟღერებულ პოზიციაზე, რომ თითქოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ, დეგნანმა განაცხადა, რომ ეს მათ საქართველოს ხელისუფლებისთვის არასდროს უთქვამთ.

„კიდევ ერთხელ, არ ვიცი ის რაზე საუბრობს, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, არასდროს მოგვიწოდებია საქართველოსთვის ომში ჩართვისკენ. კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, რომელშიც საქართველო იმყოფება. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდებით აი ამ დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახდენს საქართველოზე.

ჩვენ ყველაფერი კარგად გვესმის და არავინ სთხოვს საქართველო ამას. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში ჩაერთოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო“, – განაცხადა კელი დეგნანმა  [„მთავარი არხის“ თარგმანი].

რაც შეეხება სანქციებს, კელი დეგნანის თქმით, აშშ სანქციებს წინასწარ არ აანონსებს და განაგრძობს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.

„ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ჩვენს სანქციებს. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან, კორუფციის წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ იმ ძალისხმევას, რაც ქართველებმა განახორციელეს სასამართლოს განვითარებისთვის, რომ არ იყოს კითხვები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემაზე“, – თქვა აშშ-ის ელჩმა.

წყარო: publika.ge

მსგავსი სიახლეები