გაუფასურდება თუ არა ლარი? – ლირის კურსი ეცემა

გასულ კვირაში საყურადღებო იყო თურქული ლირის გაუფასურება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული კავშირის მიუხედავად, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის ავტორთა აზრით აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო:

„პირველი, ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა.

მეორე, თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. მესამე, ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული.

მეოთხე, მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი.

მეხუთე, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს და მეექვსე, თუმცა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი – უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, არ ვფიქრობთ, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის კუთხით,“-აღნიშნულია კვლევაში.

BPN.ge

მსგავსი სიახლეები