უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ საბჭოზე უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღეს.
„თქვენ უნდა გეფიქრათ ხალხზე, ადამიანებზე. თქვენ კი რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი უთანხმოების გამო“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რაც დღეს შეძლო ალიანსმა, არის ის, რომ თავისი შესყიდვების სისტემით უკრაინისთვის 50 ტონა დიზელის საწვავი გადაეტანა.
„ალბათ იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი, რათა კარგად დაიწვას. თუმცა, ის უკვე დაიწვა ჩვენთვის რუსეთის ჯარის ცეცხლში. განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს აშენებდით? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს, როდესაც უარი თქვა ფრენის აკრძალვის ზონაზე. თქვენ შეგეძლოთ საჰაერო სივრცის დახურვა, მაგრამ, მე არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ თუ არა საკუთარი ქვეყნების დაცვა – ალიანსის ქვეყნების“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე მადლობა გადაუხადა ნატოში უკრაინის მეგობარ ქვეყნებს.
„იქ ბევრია ჩვენი მეგობარი, პარტნიორი – უმეტესობა ძლიერი პარტნიორი. ისინი, ვინც ყველაფრის მიუხედავად ეხმარება ჩენ ქვეყანას. და მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და ამიტომაც მარტო არ ვგრძნობთ თავს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას. დავიცავთ ჩვენ სახელმწიფოს. გავათავისუფლებთ ჩვენ მიწას ჩვენი გმირების დამსახურებით“ ,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს – ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.