ჟენევაში, გაერო-სთან აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის (SSD) ფარგლებში აშშ-რუსეთის შეხვედრა დაიწყო.
ეს არის აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები გასული წლის ივნისში შვეიცარიაში გამართულ სამიტზე შეხვდნენ. აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი, ხოლო რუსეთის დელეგაციას — საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამ კვირაში რუსეთთან შეხვედრებიდან რამე გარღვევას არ ელის და გაიმეორა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზადაა მოსკოვის შეშფოთება მოუსმინოს, რთული იქნება რამე პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.
„ძნელია რეალური პროგრესის მიღწევა ესკალაციის ატმოსფეროში, უკრაინის თავზე მიდებული იარაღით. ასე რომ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა პროგრესი, უნდა დავინახოთ დეესკალაცია და რუსეთმა უარი უნდა თქვას უკრაინისთვის საფრთხის შექმნაზე“, — განაცხადა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა ჩაიდინა არაერთი აგრესიის აქტი მეზობლების — საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის — წინააღმდეგ და ახლა სახეზეა განახლებული საფრთხე უკრაინის მიმართ. მისი თქმით, მორიგი აგრესია არ იქნება მიღებული დასავლეთის მიერ და რუსეთს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს.
მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნამდე, 9 იანვარს ვენდი შერმანი და სერგეი რიაბკოვი სამუშაო სადილზე შეხვდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივნის მოადგილემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო პრინციპისადმი და სუვერენული ერების უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები, რომლებშიც გაწევრიანდებიან.
ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს Twitter-ზე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი.
„ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შეფასებისას გთხოვთ, გახსოვდეთ კონტექსტი. პუტინი დათმობების მისაღებად ომით დაემუქრა. ეს არის მძევლის სიტუაცია და არა ნორმალური მოლაპარაკება თანასწორებს შორის. მეორეც, ყოველთვის, როცა ნატოს გაფართოებაზე მსჯელობთ ყირიმის ანექსიის (ან აფხაზეთის და ა.შ.) ხსენების გარეშე, თქვენ პუტინის რიტორიკას იმეორებთ. ევროპული უსაფრთხოების შესახებ არსებითი მოლაპარაკებისას მაგიდაზე უნდა იყოს ყველა საფრთხე ევროპისთვის და არა მხოლოდ პუტინის სურვილების სია“, — წერს იგი.
აშშ-ის ცნობით, SSD-ის ფარგლებში აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე. ევროპული უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმობა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ბრიუსელში 12 იანვარს და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ვენაში 13 იანვარს.
მიმდინარე კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების ძირითადი თემაა სიტუაციის დეესკალაცია უკრაინის საზღვართან, სადაც გასული წლის ნოემბრიდან რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრა ფიქსირდება. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს გეგმავს, თუმცა არ იცის, მიღებული აქვს თუ არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
რუსეთი უარყოფს უკრაინაზე მორიგი თავდასხმის გეგმას და ამავდროულად, აშშ-ს და ნატო-ს „უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმებას სთავაზობს. რუსეთი ითხოვს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკან გაიწვიოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.
„პირიქით, თუ რუსეთი განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი პერსპექტივაა, რომ ნატო-მ გააძლიეროს პოზიციები მის აღმოსავლეთ ფლანგზე“, — განაცხადა ბლინკენმა.
რუსეთთან დიალოგამდე, 5 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსაც ესაუბრა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.