გიორგი გახარია: „ჭორაობასა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ, მაშინ, როდესაც ბავშვებია მისახედი, ჩვენი ხანდაზმულებია მისახედი და სახელმწიფოა ასაშენებელი.“
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – გიორგი გახარია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გახარიამ დღეს ქედასა და ხელვაჩაურში პარტიის ახალი ოფისები გახსნა.
„ჩვენ პოლიტიკაში ეს ნაბიჯი გადავდგით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს რაც არის – იმაზე უკეთესი გვინდა. დღეს რაც არის, ამის ნაწილი ვიყავით ჩვენ – აქ წარმატება რაც იყო ჩვენთან ერთად გაკეთებულა და შეცდომები რაც იყო, იმაშიც მიგვიღია მონაწილეობა – იმაზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ, მაგრამ ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი შეუძლია, კიდევ უფრო სწრაფად შეუძლია. ამიტომ ვთქვი, რომ არავის წინააღმდეგ არ ვართ ჩვენ და არავის ლანძღვას, გინებას არ ვაპირებთ, რამდენიც არ უნდა გვლანძღონ აქეთ და გვაგინონ. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენთვის მთავარი მიზანი – ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ძლიერი სახელმწიფო!’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ქაოსი, ჭიდაობა და ჭორაობა უნდა დასრულდეს და დრო მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად ამაში არ უნდა იკარგებოდეს.
„მე არ მომწონს ის ქაოსი რაც ხდება, არ მომწონს პარლამენტში ცემა-ტყეპა, არ მომწონს როდესაც პარლამენტში საქართველოს დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებიან – არ მომწონს! ვფიქრობ, რომ ეს არც თქვენ არ მოგწონთ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ და ამ ჭიდაობაში და ჭორაობაში და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ, მაშინ, როდესაც ბავშვები მისახედია, ჩვენი ხანდაზმულები მისახედია და სახელმწიფოა ასაშენებელი.“- ამბობს გახარია.