ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება

მეფუტკრეები ტყეში სკების განთავსებისთვის სახელმწიფოს ფულს გადაუხდიან. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ მეფუტკრეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ვიდრე დადგენილებას მიიღებდა, მთავრობას პროექტი, წესით, ჩვენთან უნდა განეხილა. ახლა თქვენგან გავიგე და გამიკვირდა, რომ ასე უცებ მიიღეს… განხილვა არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე ადრე მოვიდა ინფორმაცია საფასურის დაწესებაზე და მთავრობას წერილობით მივაწოდეთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია – რომ არ ვეთანხმებოდით ასეთ გადაწყვეტილებას“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ავქსენტი პაპავამ, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.

მეფუტკრეებს სეზონურად სხვადასხვა მცენარის [ცაცხვის, წაბლის, აკაციის] ყვავილობის პერიოდში სკები დროებით ხშირად გადააქვთ ტყეში. მთებში გადააქვთ ასევე სკები, როცა მინდვრის თაფლის დამზადება უნდათ.

ავქსენტი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი ვარაუდით საქართველოში 500 ათასამდე სკაა. სახელმწიფოს კი, ფუტკრის ოჯახების რეგისტრაციაც არ დაუსრულებია და ეს პროცესი 2023 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

მისივე თქმით, ბევრს სტაციონარულად აქვს სკები, თუმცა ქვეყნის მეფუტკრეთა სულ ცოტა 40 პროცენტი მომთაბარე მეფუტკრეობას მისდევს, ამიტომ გადასახადის დაწესება, ფაქტობრივად, მათი დაბეგვრა გამოდის.

„ტყეში ერთი სკის განთავსებაზე 10 ლარის დაწესება ბევრია. სხვა ქვეყნებში მეფუტკრეობას ხელს უწყობს სახელმწიფო. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, 10 მანათს თითო ოჯახზე იქეთ უხდიან მეფუტკრეებს. საფასურის დაწესებაზე ჩვენ ადრეც უარი ვუთხარით, არ ვიყავით მომხრე. პირიქით, ფუტკარი ბიომრავალფეროვნებას უწყობს ხელს – დამტვერვას, ნაყოფიერებას და იქეთ უნდა შეუწყოს მეფუტკრეს ხელი სახელმწიფომ“, – ამბობს ავქსენტი პაპავა.

ერთ სკაზე 10 ლარის გადასახადის დაწესება არაადეკვატურად მიაჩნია მანანა ბოლქვაძესაც, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარეს. გადასახადის დაწესების შესახებ თავადაც „ბათუმელებიდან“ შეიტყო.

„გადასახადი რომ დაწესდა და ამ კულტურას მეფუტკრეები ისწავლიან, გარკვეულწილად კარგია. გადასახადი უნდა გადაიხადოს მეფუტკრემ, მაგრამ დასაწყისისთვის 10 ლარი, არაადეკვატური და მაღალია. ჩვენ მეფუტკრეებს ფიზიკურად და მორალურადაც ასეთი გადასახადის გადახდა ამ ეტაპისთვის არ შეუძლიათ“, – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

მისივე თქმით, მეფუტკრეს, როცა ტყეში გაჰყავს ფუტკარი, ამას დიდი ხარჯი ახლავს: „ზოგადად, სკების ტრანსპორტირება, პრეპარატები, საკვები – ამ ყველაფერში ჩვენს მეფუტკრეებს ისეთი მაღალი ხარჯი აქვთ, რომ არც ერთ მეფუტკრეს არ აქვს არც ერთ ქვეყანაში“.

მანანა ბოლქვაძის ინფორმაციით, აჭარაში მცირე და საშუალო, ჯამში, 990 მეფუტკრეა და 37 ათასამდე სკაა აღრიცხული. მეფუტკრეობა კი, აჭარაში მხოლოდ მეფუტკრეთა 2 პროცენტისთვისაა ძირითადი საქმიანობა, დანარჩენისთვის ეს დამხმარე საქმიანობაა.

„ამიტომ, ძირითად ნაწილს სკები საკუთარ ეზოში აქვს განთავსებული, დანარჩენი კი მომთაბარე მეფუტკრეობას ეწევა. რაც შეეხება ამ მთაბარობას, გადასახადი – 3 ლარი, სრულიად საკმარისი იქნებოდა საწყისი ეტაპისთვის“, – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

მთავრობის ახალ დადგენილებას პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი 16 მაისს მოაწერა და ის ძალაში 17 მაისიდან შევიდა.

ამ დადგენილებით, ცვლილება შევიდა ტყით სარგებლობის წესში და მას ახალი მუხლი – „ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის საფასური“ დაემატა.

ეს საფასური კი, მეფუტკრეებისთვის, 1 სკაზე 10 ლარით განისაზღვრა, წლიურად.

ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის N250 დადგენილებიდან


2022 წლის აპრილის თვეში საქართველოდან 17 ტონა თაფლი გაიტანეს საზღვარგარეთ, აქედან აბსოლუტური უმეტესობა, 14,4 ტონა, საფრანგეთში.

მეფუტკრეები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დააზარალა ფუტკრის დაავადებებმაც. ავქსენტი პაპავას თქმით, ამ დროისთვის მდგომარეობა ამ კუთხით მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, თუმცა „საჭიროა მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი და სწორი მიდგომა ფუტკრის მკურნალობის დროს“.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები