აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა.
“რაც შეეხება სააკაშვილის დაპატიმრებას, ეს საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და კრიზისი დაემთავრებინა, მთავრობამ ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვის პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, რომ ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ძალიან ღრმა კრიზისშია”, — აცხადებს ის.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ იცოდა, რომ ექსპრეზიდენტის დაკავებას საზღვარგარეთიდან კრიტიკა მოჰყვებოდა და ეს გააზრებული არჩევანი იყო.
“რა თქმა უნდა, მთავრობას არჩევანი ჰქონდა. მთავრობები არ არიან ვალდებული დააპატიმრონ ყველა, ვისზეც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ადამიანს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ან ამბობდნენ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. არსებობს უამრავი მეთოდი, მაგალითად საპროცესო გარიგება, ან სხვა, პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება ან სხვა.
მთავრობამ იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ კრიტიკა მოჰყვებოდა, ეს გააზრებული არჩევანი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, მესმის, რასაც ამბობთ, მიშა სააკაშვილი საქართველოში არჩევნებამდე 1 დღით ადრე ჩავიდა და მისი მიზანი პროვოცირება იყო. სააკაშვილის გადმოსახედიდან, მას ცვლილების პროვოცირება სურდა, მთავრობის გადმოსახედიდან კი ის არეულობის პროვოცირებას ისახავდა მიზნად.
სააკაშვილს აქვს უფლება იცხოვროს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მთავრობა მას დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. მე არ მაქვს ფაქტები და არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიზირებულ დაკავებად გამოიყურება და საქართველოს მთავრობას ძალიან ვნებს”, — ამბობს ბრაიზა.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ექსპრეზიდენტი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.