რამდენი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში – 23 კორპუსის მონაცემი

„კომუნიკაციას ვახერხებთ, ვცდილობთ, შევასწავლოთ ქართული, თუ ვერ იგებს, უნდა გააგებიო, როგორმე, რა უნდა ქნა?“ – ამბობს ბათუმელი გიგა ქამადაძე. ის ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და ამხანაგობის შეკრებებზე თანამობინადრე რუსეთის მოქალაქეების აზრის მოსმენა, ან მათთვის ინფორმაციის მიწოდება რუსულ ენაზე უწევს.

ამ მისამართზე მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქის, აჩიკო კახაძის თქმით კი, მათ კორპუსში, ბინის 90 მესაკუთრიდან 60 რუსულენოვანია და ამხანაგობის კრებები, ისე როგორც ჩატის მიმოწერები, ძირითადად, რუსულ ენაზეა. ამ კორპუსის მონაცემები საჯარო რეესტრში სრულყოფილად არ არის ასახული.

რუსეთის მოქალაქე მესაკუთრეების რაოდენობა, განსაკუთრებით ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ  იზრდება.

რამდენ ბინას ყიდულობენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში? – ამ კითხვაზე სხვადასხვა ვერსიას მოისმენთ, რადგან ცნობილია, რომ იზრდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი, თუმცა უცნობია კონკრეტული ციფრი: რამდენი მათგანი ყიდულობს უძრავ ქონებას?

აქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს ივნისში საქართველოს საზღვარი რუსეთის 90 239-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც 38 678-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. მაისში კი, რუსეთის 51 561 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.

„ბათუმელებმა“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ბათუმში, 23 სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მონაცემები შეისწავლა საჯარო რეესტრზე დაყრდნობით. ეს რაოდენობა აჩვენებს მიახლოებით ტენდენციას, რამდენად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბათუმში უძრავი ქონების შეძენის ინტერესი, რამდენად მზარდია ეს ინტერესი და რომელ ადგილებში ყიდულობენ ბინებს რუსეთის მოქალაქეები?

საცხოვრებელი კორპუსები ქალაქის სხვადასხვა ზონაში შევარჩიეთ: ზღვისპირას, ქალაქის ცენტრში, ე.წ. „ჭაობში“, „ძველ ბათუმში“. თუმცა, ძირითადად, ზღვასთან ახლოს და ბოლო წლებში აშენებული კორპუსების მონაცემებს გავეცანით – უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად, ზღვასთან ახლოს, ან „ძველ ბათუმს“ ირჩევენ რუსეთის მოქალაქეები, როცა ისინი ბინას ყიდულობენ ბათუმში.

ძირითადად უნდათ ძველი ბათუმი, გასულ წელთან შედარებით, მინიმუმ 20 %-ით გაზრდილია მოთხოვნა“ 

„ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20 – 30 პროცენტით არის გაზრდილი მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან,“ – გვიყვება თამთა წურწუმია, ის კომპანია „Discover Batumi“-ის მენეჯერია და ამბობს, რომ, მაგალითად, ივლისში მისი ჩართულობით რუსეთის ოთხმა მოქალაქემ იყიდა ბინა.

„ჩვენი მონაცემებით, ძირითადად სურთ ძველი ბათუმი, მათ შორის, ბინა ძველ კორპუსებში. ოთხივე ბინა, მაგალითად, რაც ახლა გავყიდეთ, იყო 60 ათას დოლარს ზევით. ეს იყო ზუბალაშვილის ქუჩა, მაზნიაშვილი…

უნდათ უფრო ზღვასთან ახლოს და ძველ ბათუმში, რადგან აქ მათთვის მისაღები რესტორნებია, ასე ამბობენ თვითონ. დაინტერესებული არიან ასევე კომერციული ფართობების იჯარით აღებით.

რა ირკვევა 23 საცხოვრებელი კორპუსის მაგალითზე – რუსეთის რამდენ მოქალაქეს უყიდია ბინა?

ქალაქის სხვადასხვა მისამართზე 23 საცხოვრებელი კორპუსის საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაცნობით ეს სურათი მივიღეთ [საჯარო რეესტრის მონაცემები ხშირად არ არის განახლებული. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში არ აჩვენებდეს ზუსტ მდგომარეობას]:

  • გორგილაძის 121-ში 528 ადამიანია, მათ შორის, 52 რუსეთის მოქალაქეა
  • ნგისის მეორე ჩიხის #11-ში 252 მესაკუთრიდან 55 რუსეთის მოქალაქეა. ეს კორპუსი ახალ ბულვართან ახლოსაა
  • შარტავას ქუჩა #16-ში რუსეთის 35 მოქალაქეა მესაკუთრე, კორპუსში მთლიანად 191 მესაკუთრეა
  • 836 მესაკუთრე ჰყავს კორპუსს კობალაძის 8 ა-ში, მათგან 62-ია რუსეთის მოქალაქე
  • ბელ აბუსერიძის ქუჩა #73/კობალაძის 15 – ამ მისამართზე სულ 253 მესაკუთრეს აქვს ბინა, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეა 10
  • ინასარიძის 21-ში, ეს ადგილიც ახალ ბულვარის სიახლოვესაა, აქ საკმაოდ მაღალია რუსეთის მოქალაქე მესაკუთრეების რაოდენობა – აქ სულ 34 ადამიანია მესაკუთრე, მათ შორის, 14 რუსეთის მოქალაქეა
  • კაჩინსკების #5-ში 304 მესაკუთრიდან, რუსეთის მოქალაქეა 29
  • ტბელ აბუსერიძის 55-ში 332 მესაკუთრიდან რუსეთის მოქალაქეა 13
  • ინასარიძის 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სულ 88 მესაკუთრეა, მათ შორის, 4 რუსეთის მოქალაქეა
  • ტბელ აბუსერიძის #5-ში 33 მესაკუთრეა რუსეთის მოქალაქე, ამ კორპუსში სულ 477 მესაკუთრეა
  • შერიფ ხიმშიაშვილის #15 გ-ს მონაცემსაც გადავხედეთ, ეს „ორბის“ ზღვისპირას მდებარე სამი კორპუსიდან ერთ-ერთია. აქ რუსეთის 28 მოქალაქე ვიპოვეთ ბინის მესაკუთრე, მთლიანად კი, კორპუსში 287 მესაკუთრეა
  • ფიროსმანის #16 ა – ში სულ 429 მესაკუთრეა, მათ შორის, 52 რუსეთის მოქალაქეა
  • ფიროსმანის 18-ში 889 მესაკუთრიდან 85 რუსეთის მოქალაქეა
  • ინასარიძის # 7-ში 164 მესაკუთრეა და 4 რუსეთის მოქალაქე
  • ჭავჭავაძის #32 ა – ში, 182 მესაკუთრეს შორის, მესაკუთრეა რუსეთის 10 მოქალაქე
  • ერთი კორპუსის მონაცემს ე.წ. ჭაობის უბანში ვნახეთ – ლერმონტოვის 76-ში 63 მესაკუთრიდან 16 რუსეთის მოქალაქეა
  • ვნახეთ მახინჯაურში მდებარე ერთი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მონაცემებიც. მახინჯაურში, თამარ მეფის 14-ში, სულ 33 მესაკუთრეა, მათ შორის 3 რუსეთის მოქალაქეა

გადავხედავთ მონაცემებს ძველ ბათუმშიც. აქაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ ბოლო წლებში ექსპლუატაციაში შესული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

  • ნინოშვილის #2-ში სულ 220 მესაკუთრეა და, მათ შორის, 24 რუსეთის მოქალაქე
  • ზვიად გამსახურდიას #42-ში კი, 82 მესაკუთრეს შორის 8 არის რუსეთის მოქალაქე
  • რუსთაველის 19/თავდადებულის 4 – აქ სულ 28 მესაკუთრეა, მათ შორის, 8 რუსეთის მოქალაქეა
  • რუსთაველის ქუჩა #15/7-ში სულ 93 მესაკუთრიდან 16 რუსეთის მოქალაქეა
  • რუსთაველის #22-ში 45 მესაკუთრეს შორის 5 რუსეთის მოქალაქეა
  • ზუბალაშვილის #37-ში რუსეთის 19 მოქალაქე არის მესაკუთრე, სულ ამ მისამართზე 161 ადამიანს აქვს უძრავი ქონება.
რამდენი ახალი ბინა შენდება ბათუმსა და თბილისში? 

„ბათუმელები“ გაეცნო ოფიციალურ სტატისტიკასაც, თუ რამდენი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისსა და ბათუმში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამუშავებს მსგავს მონაცემს და ეს მონაცემიც აჩვენებს, რამდენად გაიზარდა ინტერესი საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე.

ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 1 მილიონ 516 534 კვადრატული მეტრი ფართობის აშენებაზეა გაცემული ნებართვა. ეს სულ 2 229 ობიექტია. ამავე პერიოდში უკვე დასრულდა 545 939 კვადრატული მეტრის და 552 ობიექტის აშენება.

წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა – 1181 ობიექტი და 967 315 კვადრატულ მეტრი. თბილისში უკვე დასრულდა 185 ობიექტის მშენებლობა – 421 496 კვადრატულ მეტრზე.

2022 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 85 ობიექტის აშენებაზე გაიცა სამშენებლო ნებართვა [114 333 კვადრატული მეტრი]. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში, წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 4 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში [7 843 კვ. მეტრი].

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 229 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით მეტია.

გასულ 2021 წელს კი, სულ 7 მილიონ 434 470 კვადრატული მეტრის აშენებაზე გაიცა ნებართვა, აქედან თბილისი – 5 მილიონ 041 55 კვადრატული მეტრი, ბათუმი – 456 573  კვადრატული მეტრი. 2021 წელს ჯამში 1 მილიონ 759 779 კვ. მეტრი აშენდა.

2020 წელს 5 მილიონ 206 256 კვადრატულ მეტრის აშენებაზე გაიცა ნებართვა, მათ შორის, თბილისი 2 მილიონ 307 402, ბათუმი – 1 მილიონ 395 123 კვადრატული მეტრი. 2020 წელს ჯამში – 1 მილიონ 694 301 კვ. მეტრი აშენდა.

2019 წელს 7 მილიონ 538 398 კვადრატულ მეტრზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, მათ შორის, თბილისი – 2 მილიონ 779 877, ბათუმი – 2 მილიონ 446 228 კვ. მეტრი. 2019 წელს ჯამში 2 მილიონ 547 924 კვ. მეტრი აშენდა.

„შესაძლოა, მესაკუთრე ერთი იყოს, მაგრამ მას სინამდვილეში 80 ბინა ჰქონდეს“ 

ეს ერთ-ერთი კომპანიის კონკრეტული მონაცემია. ამ სამშენებლო კომპანიაში, ოფიციალურად ბინა შეძენილი აქვს რუსეთის 175 მოქალაქეს. კომპანიის შიდა დოკუმენტებით კი ჩანს, რომ მინიმუმ 80 ბინა ეკუთვნის რუსეთის ერთ მოქალაქეს. ეს ბინები საჯარო რეესტრში საქართველოს მოქალაქეზეა დარეგისტრირებული.

მინიმუმ ორ კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ პრაქტიკას რუსეთის მოქალაქეები საკმაოდ ხშირად იყენებენ.

შესაბამისად, ვერც საჯარო რეესტრის მონაცემები ასახავს ვითარებას ზუსტად.

რუსეთი საფრთხის შემცველია და ამას გრძნობს სამშენებლო ბაზარიც“

„ჩანს, რომ სამშენებლო სექტორი ცდილობს ახალი ბაზრების მოძიებას,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელიც ბათუმში რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უწევს სამართლებრივ მომსახურებას. – „რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი მზარდია, მაგრამ გაიზარდა შესყიდვები პოლონელების მხრიდან, დადებითი დინამიკაა ასევე ესპანეთიდან,“ – ამბობს ის.

სამშენებლო სექტორის დაკვირვებით, გარდა იმისა, რომ რუსეთი, ზოგადად, ქვეყნისთვის საფრთხეა, რუსული ბაზრის მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია.

„რუსეთის და, ზოგადად, დსთ-ს ქვეყნების მიმართ ინტერესს განაპირობებს ის, რომ ნაცნობი ბაზარია და შედარებით იაფი, მაგრამ სამშენებლო სექტორი ამჩნევს, რომ მაგალითად, ბოლო დროს ძვირადღირებულ ბინებს უფრო ყიდულობენ ადამიანები ისრაელიდან, ესპანეთიდან.

ცნობადობის გაზრდას და სანდოობის მოპოვებას სჭირდება აქტიური მუშაობა და წლები, რაშიც უნდა დაეხმაროს მთავრობა სამშენებლო სექტორს,“ – მიიჩნევს გიორგი ხიმშიაშვილი. მისი აზრით, თუკი სამშენებლო სექტორს მაღალი მოტივაცია ექნება, შესაძლებელია, რუსეთის ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლება.

გიორგი ხიმშიაშვილის დაკვირვებით, სამშენებლო სექტორში მიდგომა უკვე შეცვლილია.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უძრავი ქონების შეძენამ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან შესაძლოა შეცვალოს საფრთხის ნიშნული. რუსეთი საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს რისკი ისტორიულად იყო და არის…

ჩემი აზრით, იყო პერიოდი, როცა ყველა კომპანია მუდმივად ცდილობდა დსთ-ს, განსაკუთრებით კი, რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე შესვლას, მაგრამ ეს მიდგომა 2020 წლიდან შეიცვალა და არანაკლები წილი მოდის უკვე სხვა ქვეყნებზე. ეს დადებითი დინამიკა შესამჩნევია,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

უცხოელს საქართველოში ბინის შეძენის დროს ბარიერი არ აქვს

„კანონმდებლობა ამ კუთხით სრულად ლიბერალურია, შეზღუდვა ეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, თუმცა წესით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უნდა ადგენდნენ: ხომ არ გვაქვს საქმე ფულის გათეთრებასთან?

მეორე საკითხია ბინადრობის უფლება, რაზეც, მაგალითად, უძრავი ქონების აგენტმა გაამახვილა ყურადღება, როცა ის ირანელებთან დაკავშირებულ ტენდენციაზე გვესაუბრა.

ბინადრობის პრობლემა შეუქმნეს ამ წყვილსაც ესპანეთიდან, რომელმაც ბათუმში იყიდა ბინა 2019 წელს. ამ შემთხვევაში პრობლემა უკვე მოგვარდა და ისინი პერიოდულად ბათუმში ცხოვრობენ.

„როცა უცხოელი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც 100 ათასი დოლარია, ეს ითვლება ინვესტირებად და შეუძლია გააკეთოს განაცხადი ბინადრობაზე, მას შეუძლია მიიღოს ბინადრობა ერთი წლის ვადით. თუმცა არის შემთხვევები, როცა ყიდულობენ ბინებს და ვერ იღებენ ბინადრობის უფლებას,“ – დასძინა იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

იურისტი განმარტავს, რომ ბინადრობის მისაღებად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე დასჭირდება ლიცენზირებული აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა, რაც დაადასტურებს იმას, რომ მის მიერ შეძენილი ქონება საქართველოში მინიმუმ 100 ათასი ამერიკული დოლარია.

„თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იძენს უძრავ ქონებას, რომელიც არ აღემატება 100 ათას დოლარს, ის ვერ მოითხოვს ბინადრობას და სარგებლობს იმ ზოგადი წესით, რაც აქვს საქართველოს დადგენილი სხვა ქვეყნებთან“, – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ხუთწლიან ბინადრობას კი ის პირები იღებენ, რომლებიც არანაკლებ 300 ათას დოლარს გადაიხდიან უძრავი ქონების შესაძენად საქართველოში, ან ამავე ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. ერთჯერადად 5 წლით ბინადრობის მიღების შემდეგ, პირს შეუძლია მუდმივი ბინადრობის უფლებაც მოითხოვოს.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები