საქართველოში ამ ეტაპისთვის სკოლის მიღმა 9 200-მდე ბავშვია დარჩენილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
როგორც უწყების მიერ გამოგზავნილ დოკუმენტშია აღნიშნული, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საბოლოო სია პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ გამოიკვეთება და მათი სკოლაში ინტეგრაციისთვის, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე, ინტენსიური სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყება.
„ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების – განათლების უფლების უზრუნველყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლს 10 სექტემბრის N573 დადგენილებით დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რაც შესაძლებელს გახადის ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გამოვლინდეს 6-დან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები, დადგინდეს მათი საგანმანათლებლო საჭიროებები და მიიღონ ასაკისთვის შესაბამისი განათლება.
გაეროს ბავშვთა ფონდის და მონიტორინგის სისტემაში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებების ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მხოლოდ 2020 წელს გახდა შესაძლებელი ქვეყანაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირების პროცესის დაწყება. შესაბამისად წინა წლების მონაცემები არ არსებობს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი პირების მოძიება და სკოლაში ინტეგრაცია რთული და კომპლექსური საკითხია. მისი გადაჭრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების (სოცმუშაკები, განათლების სპეციალისტები, პოლიცია, მუნიციპალიტეტი და ა.შ.) კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს, ამიტომ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამაში” ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე, პირველი ეტაპისთვის გამოვლინდა 6-დან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა – 10,404 პირი, მათ შორის არიან სოციალური დახმარების მიმღებნი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თავშესაფრის მაძიებელი, ჰუმანიტარული სტატუსის ან დროებითი სტატუსის მქონე პირები, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბაზებში რიცხული პირები. პირველადი მონაცემის დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით. იყო ხარვეზები სხვადასხვა უწყებების მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული ინფორმაციის შესაბამისობაში. ამ პრობლემების გამოვლენისა და აღმოფხვრის შემდეგ სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა რიცხვი ამ ეტაპისთვის შემცირდა 9,200-მდე. მიმდინარეობს მუშაობა როგორც სტატისტიკური მონაცემების შემდგომი დაზუსტებისთვის, ასევე სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემთა ბაზაში მყოფი მოზარდების მოსაძიებლად და ფორმალურ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობისთვის. აქვე გაცნობებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია მნიშვნელოვანწილად შეამცირებს მოსაძიებელ პირთა ნუსხას, ვინაიდან სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა 1/3-ზე მეტს შეადგენენ 6-7 წლის პირები. პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ გამოიკვეთება საბოლოო სია და ზაფხულის პერიოდში დაიწყება ინტენსიური სამუშაოები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე მათი სკოლაში ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე პროცესი მასშტაბურია და აუცილებელია მოძიების სამუშაოები გადანაწილდეს სხვადასხვა უწყებებსა და მუნიციპალიტეტებზე.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ბავშვის უფლებათა სტრუქტურული ქვედანაყოფი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კოორდინაციას უწევს მათ ჩართვას სამიზნე მოზარდების მოძიებასა და მათი განათლებისა და ფაქტიურად სოციალიზაციის მიღმა ყოფნის მიზეზების დასადგენად. პარალელურად, დაიწყო მუშაობა რამდენიმე მუნიციპალიტეტთან, საიდანაც მიღებული უკუკავშირის შესაბამისად გამოიკვეთა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მკვეთრად გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობებს, ჯანმრთელობის მრავლობითი დარღვევებით. დადგინდა, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი სკოლის მიღმა მყოფი არასრულწლოვნები, სამწუხაროდ განთავსებულნი არიან პალიატიურ მომსახურებაში. აღნიშნულ პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთერთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ასევე გაცნობებთ, რომ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული განათლების სოციალური მუშაკებიც. გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობებისა, სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშებთან დაკავშირებით, მათი როლი უპირატესად იქნება მხარდაჭერა აღმოუჩინონ სასკოლო ცხოვრებაში სასკოლო ასაკთან შედარებით მოგვიანებით ჩართულ ბავშვებს, დაეხმარონ მათ ადაპტაციასა და ინკლუზიაში. დაგეგმილია მუშაობა ოჯახების ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერ ღონისძიებებზე. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, მათ საგანმანათლებლო საჭიროებებზე საპასუხოდ, გარდა ზოგადი განათლების სისტემაში არსებული ინკლუზიური განათლების მოდელისა, საბაზო საფეხურის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების დაგეგმვა. სკოლაში დაგვიანებით ჩარიცხულ მოსწავლეთა ინტეგრაციისა და აკადემიური განვითარებისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდოლოგია თითოეული ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე. გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, შეიქმნა დაწევისა და შეკუმშული სწავლების კურიკულუმი აუცილებელი საგანმანათლებლო რესურსით. ის შეუქმნის პირობებს 12 წლის ასაკზე უფროს მოზარდებს დაძლიონ აკადემიური და პიროვნული განვითარების ჩამორჩენა და შეძლონ ინტეგრირება ფორმალური განათლების საბაზო, საშუალო ან პროფესიულ საფეხურზე. ასევე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების განათლების მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაინერგა და 2015 წლიდან ხორციელდება სპეციალური სერვისი – ხიდი ანუ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების ზოგადი განათლების სისტემაში რე/ინტეგრირებაზე, ასევე ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიერ სწავლის ვადაზე ადრე, სავალდებულო ზოგადი განათლების დასრულებამდე მიტოვების პრევენციაზეც, რომ ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ორიენტაციას და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას. ის ასევე ხელმისაწვდომს ხდის ფსიქოლოგიურ ან ემოციურ მხარდაჭერას, კონსულტირებას კარიერის მართვაში. სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი მიეწოდება მიუსაფარი ბავშვებისთვის არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებისა და დღის ცენტრების ბენეფიციარებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სხვადასხვა უწყებების საინფორმაციო ბაზებში არსებული მონაცემების მიმოცვლა 2020 წელს პირველად განხორციელდა და მონიტორინგი ყოველწლიურად განხორციელდება.
„დაგეგმილია მონაცემთა ბაზების შემდგომი განვითარება მოძიების პროცედურების გამარტივებისა და დროის დაზოგვის მიზნით, მონაცემთა გაცვლის სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება, 2020 წლის შედეგების გათვალისწინებით მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება, დამატებითი ინდიკატორების დამატება, სახელმწიფო უწყებებში დაცული სხვა მონაცემთა ბაზების მოძიება, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, სოციალური მუშაობის გაფართოება და ოჯახების მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და აქტიური საინფორმაციო კამპანია“, – აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში.
წყარო: IPN