გერმანული კომპანია BioNTech–ის აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი და მისი მეუღლე ოზლემ ტურეჩი, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინა შექმნეს, კორონავირუსის პანდემიის დასრულებას გაზაფხულისთვის პროგნოზირებენ.
შაჰინის თქმით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, 2022 წლის მეორე კვარტალში დავინახავთ, როგორ მიაღწევენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები პანდემიის შეკავებას ვაქცინების წყალობით.
“2022 წლის შუა პერიოდისთვის მოსახლეობა ვაქცინაციის მაღალ ხარისხს და კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს”, – განაცხადა უგურ შაჰინმა.
ამასთან, Pfizer- ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კოვიდის სამკურნალო ანტივირუსული აბები მზად შეიძლება, წლის ბოლომდე იყოს.
ასევე წაიკითხეთ: BioNTech-ის დამფუძნებლები: „დელტას“ წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური კვლევები იწყება
ალბერტ ბურლას თქმით, პრეპარატის მიღება დაავადების პირველი სიმპტომებისთანავე ვირუსის გამრავლების უნარს მაქსიმალურად შეამცირებს და ვირუსი პაციენტებში ძალიან მსუბუქად წარიმართება.
მისივე განმარტებით, კომპანია ორ ანტივირუსულ საშუალებას ტესტავს, ერთს ინექციის და მეორეს აბების სახით. მანვე აღნიშნა, რომ Pfizer-ი ყურადღებას ამახვილებს აბებზე, რადგან ის „რამდენიმე უპირატესობას იძლევა“, მთავარი სარგებელი კი საავადმყოფოში ან სამედიცინო მომსახურების სხვა პროვაიდერთან მისვლის თავიდან აცილებაა.
კლინიკური ცდების დასრულების შემდეგ, მოკვლევას ამერიკის კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია დაიწყებს.
Pfizer-მა კოვიდსაწინააღმდეგო აბების ტესტირება მარტში დაიწყო.