საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაცემა „ახალი კვირა“ შეაჩერა. როგორც გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია „ფორმულასთან“ ამბობს, მისთვის ტელეკომპანიის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
გადაცემის წამყვანი აღნიშნავს, რომ მენეჯმენტმა გადაცემის შეჩერების მოტივად ფორმატის ცვლილება დაასახელა, თუმცა შეხვედრაზე, რომელიც 28 დეკემბერს გაიმართა, დარსალიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მენეჯმენტმა არ იცოდა რას აკეთებდნენ:
„28 დეკემბერს, როდესაც სეზონის ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში, ჩაგვიტარეს თათბირი და გვითხრეს, რომ ახალი კვირის წამყვანი აღარ ვარ და გადაცემა ამ ფორმატით ეთერში აღარ გავა. მიზეზები ამ გადაწყვეტილებისა არ ვიცით. მეც ამ დრომდე ვერ მივიღე პასუხები“ – ამბობს დარსალია.
წამყვანი აღნიშნავს, რომ არ სურს ვარაუდებზე საუბარი თუმცა, აღნიშნავს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება დროში გადაცემაში გასულ სიუჟეტს ეხება სახელწოდებით „ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია“. აღნიშნული სიუჟეტის შემდეგ „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელეს. ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე კი რამდენიმე კვირის წინ „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე თავდასხმის ობიექტი გახდა.
დარსალიას თქმით, არხის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე ამ ვერსიაზეც დასვა კითხვები, თუმცა საუბრის დეტალების გასაჯაროება ამ ეტაპზე არ სურს:
„შევხვდი არხის გენერალურ დირექტორს, დავსვი შეკითხვა, სხვადასხვა ვერსიებზე ვისაუბრეთ მათ შორის „ალტ-ინფოს“ საკითხი. თავის დროზე ეს არ მივიღე სერიოზულად. ნოემბერში ეთერში გავიდა ალტ ინფოს სახიფათო იდეოლოგიაზე სიუჟეტი, რის შემდეგაც საჯაროდ დაწერეს მუქარები პარტიის ლიდერებმა. მაშინ ეს სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ ზუსტად ერთ თვეში არხმა გადაცემა დახურა. ძალიან არ მინდა ეს მოვლენები ერთმანეთთან დავაკავშირო.
ვარაუდებზე არ მინდა საუბარი, ფაქტებს ველოდები. ყველას შეუძლია დააკავშიროს ეს თემები ერთმანეთთან, შეიძლება ასე მართლაც არ იყო. თვის ბოლოს ველოდები არხის ოფიციალურ გადაწყვეტილებას რაც აპირებენ გადაცემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ მენეჯმენტმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, ვიბრძოლებ ბოლომდე,” – ამბობს იმედა დარსალია „ფორმულასთან“ საუბრისას.
„ახალი კვირის“ წამყვანი არც სამართლებრივი დავის დაწყებას გამორიცხავს.
რაც შეეხება არხის პოზიციას, მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი „მთავარ არხთან“ ამბობ, რომ დაგეგმილია გადაცემის ფორმატის ცვლილება და „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებულ სიუჟეტს ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს.
„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, რომელმაც კომენტარზე უარი გვითხრა თუმცა კითხვაზე, დარჩებოდნენ თუ არა იმედა დარსალია და ის გუნდი, რომელიც გადაცემაზე მუშაობდნენ, განახლებულ ფორმატსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გვიმრაძემ მოგვწერა, რომ მოვლენებს არ გავუსწროთ:
„ნუ ჩქარობთ, დაელოდეთ“ – გვითხრა გიორგი გვიმრაძემ დასმულ კითხვაზე.