ნათია მეზვრიშვილი: ,,ოცნება არის აბსოლუტურ პანიკაში, აგონიაშია. აგონიაში მყოფი ეს ხელისუფლება ისეთივე საშიშია დღეს საზოგადოებისთვის, როგორი საშიშიც იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლიდა’’
პარტია ,,საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატის კომპანიებში, რომელმაც 10 დღის წინ გააცხადა რომ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ბიზნესზე ზეწოლით ემუქრებოდნენ, დღეს შემოსავლების სამსახური შევიდა“
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და საზოგადოებას აცნობა, რომ პარტია პროკურატურისგან მხარდამჭერებსა და წევრებზე მიმდინარე სისტემურ ზეწოლაზე მეშვიდედ მიმართავს და სისტემურად მიმდინარე ზეწოლის, შანტაჟისა და დაშინების შემთხვევების გამოძიებას ითხოვს.
„დღეს ინფორმაციას მოგაწვდით და ჩემს შემდეგ ჩემი კოლეგები ისაუბრებენ, იმ ფაქტის შესახებ, რომელიც ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის მიმართ ხორციელდება- უშუალოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა განხორციელდა, დაემუქრნენ, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლით და დღეს უკვე შემოსავლების სამსახური შევიდა მის კომპანიებში და პრაქტიკულად, მუქარა სისრულეში მოიყვანეს.“- განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატის, ზვიად ტეფნაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე პარტია ,,საქართველოდან“ ხაშურის პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, შოთა კურტანიძემ ისაუბრა, რომელიც ზვიად ტეფნაძის ინტერესებს წარმოადგენს.
„დაახლოებით 10 დღის წინ ბატონმა ზვიადმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გააკეთა განცხადება, რომ მის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა. მის მიმართ განხორციელებული იქნა როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ასევე მისი ოჯახის წევრებზეც იყო ანალოგიური მუქარის შემცველი ტექსტები. ამის შემდგომ მას შეჰპირდნენ, რომ აღნიშნული ქმედება განხორციელდებოდა. შემდგომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განახორციელა შეტყობინება და შევიდა მის მფლობელობაში არსებულ კომპანიაში. მას მოითხოვეს ყველა ფინანსური მოძრაობა და თანხების მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ახლა არ ჩავყვები კონკრეტული ღონისძიებების გატარებისას რა პრობლემები გამოიკვეთა, თუმცა მუქარის პირველი შედეგი, რასაც დაჰპირდნენ უკვე სახეზე გვაქვს.“ – განაცხადა შოთა კურტანიძემ.
ბრიფინზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, პროკურატურამ მხოლოდ 2-3 შემთხვევაზე თვალის ახვევის მიზნით დაიწყო გამოძიება და დაშინებული დაზარალებულების გამოკითხვით შემოიფარგლება, რომლებიც შიშის გამო დუმან, სხვა საგამოძიებო მოქმედებები კი ამ 2-3 შემთხვევაზეც არ ჩატარებულა. პარალელურად კი ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარების ასრულების ფაქტები ქვეყანაში სისტემურად მიმდინარეობს, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. პარტია „საქართველოსთვის“ ამჟამად ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნას პროკურატურაში წერილობით შეიტანს და 100-მეტ დოკუმენტირებულ ფაქტს დაურთავს.