სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არასერიოზულს უწოდებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი ლობისტები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა ენმ-ის მიერ „რუსთავი 2“-ის მიტაცების საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.
„მე არ ვიცი, სხვები როგორ აფასებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, მაგრამ მე, დიდი ხანია, მის განცხადებებს სერიოზულად არ ვიღებ. ცოტა ხნის ირაკლი კობახიძემ ისიც განაცხადა, რომ თითქოს ვაკეთებდი განცხადებას მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოში. ვფიქრობ, რომ მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის. ამიტომ არასეროიოზულია ჩემთვის ასეთი განცხადებები და არ ვაპირებ მის კომენტირებას და კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას“, — განაცხადა ლომჯარიამ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედია, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცელი ნიკა გვარამიას დაკავების გამო გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაში დაადანაშაულა.
„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მიმართ კითხვები თავიდანვე არსებობდა. მისი თქმით, განაჩენის სამართლიანობაში დასარწმუნებლად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს საქმეებში არ ხდება პოლიტიკური ჩარევა და ბრალდება არ არის შერჩევითი.
ამასთან, აშშ-ს საელჩოს შეფასებით, შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.