(ვიდეო) თურქეთში წყალდიდობის შემდეგ ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან

თურქეთში წყალდიდობის შემდეგ ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქია ამჯერად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს.

 

როგორც Reuters იუწყება, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქ მანავგატშიც გავრცელდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მოსახლეობა ცეცხლმოდებული ქუჩებიდან თავის დაღწევას ცდილობს.

“ცეცხლმა ქალაქის ცენტრამდე მიაღწია. უამრავი შენობიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ზარალის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, ზარალი არის სოფლებშიც. ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს”, – აცხადებს ქალაქის მერი შუქრუ სოზენი.

აღსანიშნავია, რომ მანავგატი საკურორტო ქალაქ ანტალიიდან დაახლოებით, 75 კილომეტრში მდებარეობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი, 108 მანქანა და 400 -მდე პერსონალი. ამასთან, დახმარებისთვის ახლომდებარე პროვინციებიდან გადაუდებელი დახმარების ჯგუფები გამოიძახეს.

მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

მანამდე, დაახლოებით, ერთი კვირის წინ თურქეთში, რიზესა და ართვინში წყალდიდობას ებრძოდნენ. სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურას.

მსგავსი სიახლეები