სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, აქციას მართავენ თბილისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან. ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ექიმმა ნანა ნაკაშიძემ, გასული ორი კვირის განმავლობაში, მათ მოლაპარაკებები ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან, გაიმართა 4 შეხვედრა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს აქციების გამართვა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აპირებენ პერმანენტული აქციების გაგრძელებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.