დიდი დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და სუს-ის უფროს, ლილუაშვილს შორის

„დიდი დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და სუს-ის უფროს, ლილუაშვილს შორის და ეს მოხდა არა ერთი ადამიანის წინაშე“

 

რატომ არ სურს ოცნებას საგამოძიებო კომისიის შექმნა და რატომაა ოპოზიცია ასე მობილიზებული კომისიის შესაქმნელად?

„ალიას“ ესაუბრება ქართული ოცნების“ წევრი, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც ამჯერად ანონიმურად დარჩენა ამჯობინა:

„სიმართლე ისაა, რომ ბიძინას მოსწონდა ის სისტემა, რომელიც მიშამ შექმნა, მეტიც, გამომდინარე იქედან, რომ ამ სისტემის შექმნაში დიდი როლი ჰქონდა მასაც, უყვარდა ეს სისტემა, როგორც მისი პირმშო. ის უფრო შემპარავად მოქმედებს, ფრთხილად, მას სხვა მეთოდები აქვს, განსხვავებით მიშასგან, იგი არ არის პოლიტიკოსი, იგი ბიზნესმენია და მას მოგება აინტერესებს. როცა მიხვდა რომ მოიგო ხალხის ხმები, ის ე.წ. ქველმოქმედებაც შეამცირა, რაც მეტად გასვარა მისი მომხრეები, რაც მეტი ფული დაარიგა კონვერტით, რაც მეტმა მისმა მომხრემ დაიწყო მცირე ბიზნესი, რაც მეტ მის მომხრეზე დაუგროვდა კომპრომატი, მით მეტად და მეტად შეამცირა ფულის დარიგება. შესაბამისად, არანაირი კოჰაბიტაცია არ არსებობს და არც არსებულა. რა შუაშია კოჰაბიტაციასთან კონკრეტულ დანაშაულში მხილებული მოსამართლე და პროკურორი? კარგი, დავუშვათ, ვინმემ სთხოვა ბიძინას, არ დაესაჯა მოსამართლეები და პროკურორები, მაგრამ ვინმემ მოსთხოვა დააწინაურეო? ვინმემ სთხოვა ვანო მერაბიშვილი შეექო, ან ზურაბ ადეიშვილი? – მას ეს ადამიანები გულწრფელად მოსწონს და რაც მთავარია, სჭირდება – თორემ, რა კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, როცა მისი გუნდის წევრი, ეკა ბესელიაც კი არ დაინდო? მართლა გგონიათ, რომ ნაცების პროკურორებს და მოსამართლეებს დაინდობდა, რომ არ სჭირდებოდეს?

ჩემი ინფორმაციით, დიდი დაპირისპირება მოხდა პრემიერსა და სუსის უფროს, გრიგოლ ლილუაშვილს შორის, დაპირისპირება მოხდა არაერთი ადამიანის წინაშე და ღარიბაშვილმა მას ღალატში დასდო ბრალი. კონკრეტულად კი, პრემიერი თვლის, რომ ლილუაშვილმა გამიზნულად არ შეაჩერა მასალები, რომლებიც ამერიკაში იქნა ჩატანილი საქართველოდან. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე კომპრომატები საქართველოდან ჩაიტანეს ამერიკაში, მას ეჭვი აქვს, რომ ერთ–ერთი ადამიანი, ვინც ეს მასალები ჩაიტანა პარტნიორ ქვეყანაში, სოსო გოგაშვილია და მან პირდაპირ გარიგებაში დაადანაშაულა ლილუაშვილი. მართალია, გოგაშვილი დააკავეს, მაგრამ ის დაკავებამდეც აანონსებდა, რომ ოცნებას ამხელდა და ისიც არაერთხელ თქვა, რომ ოცნებას პირველ რიგში, უცხოელ პარტნიორებთან ამხელდა. ღარიბაშვილი თვლის, რომ ლილუაშვილმა გოგაშვილს საშუალება მისცა ყველა მტკიცებულება გადაეცა საელჩოებისთვის და პარტნიორი ქვეყნებისთვის და მერე დააკავა. ის პირდაპირ ეუბნებოდა ლილუაშვილს, რომ გამიზნულად გააჭინაურა გოგაშვილის დაკავება და რომ ამის გამო გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს ელის ამერიკისგან. გასუსული ისმენდა ამ ყველაფერს გომელაური, რადგან, წესით, კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ღარიბაშვილი „მულს“ „რძლის“ გასაგონად ეჩხუბებოდა. გომელაურის ხალხით რომ სავსეა სუსი – ეს ყველამ კარგად იცის. გომელაური, პრაქტიკულად, ორ უწყებას რომ აკონტროლებს, შსს–ს ღიად და სუს–ს ფარულად – არც ეგაა დიდი საიდუმლოება, შესაბამისად, თუ გაირკვა, რომ ქვეყნიდან ფაილების გატანაში ლილუაშვილის ხელი ურევია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ეგ გომელაურის გარეშე ვერ მოხდებოდა. არის კიდევ ერთი ადამიანი, ვის გარეშეც ვერ მოხდებოდა, ქვეყნიდან მტკიცებულებების გატანა და ეს ადამიანი ანზორ ჩუბინიძეა, თუმცა, ღარიბაშვილი, ლილუაშვილს ბევრად უფრო დაბალ ღობედ მიიჩნევს და ამ ეტაპზე, გომელაურთან და ჩუბინიძესთან კონფლიქტს თავს არიდებს. თავის მხრივ, ლილუაშვილმა იმით იმართლა თავი, რომ მისი ინფორმაციით, როცა გოგაშვილმა ღიად დაიწყო სისტემის მხილების დაანონსება, მაგ დროისათვის უკვე გატანილი იყო მტკიცებულებები ქვეყნიდან და მყარად იყო დაცული.

ამერიკა ამბობს, რომ მას აქვს მტკიცებულებები ამ მოსამართლეთა სანქცირებისთვის და რომ ეს მტკიცებულებები საჯარო სახითაც არსებობს და კი, ნამდვილად ასეა, არაერთი აღიარებითი „ჩვენება“ აქვთ ოცნების ლიდერებს დარიგებული პირდაპირი ეთერით და არაერთი ადამიანი ვაფრთხილებდით, რომ ასე შემოუბრუნდებოდათ, მაგრამ, მხოლოდ საჯარო გამოსვლები რომ არ აქვთ ხელთ, ეგეც ხომ ცხადია? თუ მოსამართლეები კორუმპირებულნი არიან, ერთმანეთში ხომ არ ექნებათ კორუფცია? მმართველი გუნდის წევრების და ივანიშვილის ინტერესებს თუ ატარებენ, ცხადია, კორუფციული სქემების მეორე მხარესაც ივანიშვილი და ოცნება დგას.

ოპოზიციის მიერ, საგამოძიებო კომისიის დანიშვნის მცდელობას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ არც ასე ადვილადაა საქმე. ჩემი ინფორმაციით, ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, დეპუტატებს ხელში „ჩაუვარდებათ“ ვიდეო, აუდიო მტკიცებულებები იმისა, რომ კორუფციულ სქემებში მართლაც ერთად იყვნენ ჩართულნი ოცნება, ბიძინა და მოსამართლეები. გოგაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ სწორედ ბიძინა წყვეტს კონკრეტულ საქმეებზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოსამართლეებმა. ალბათ, გაიფიქრებთ, რომ ბიძინას ჩაწერას ვერ გაბედავდნენ – ბერას, ღარიბაშვილის, გომელაურის და ჩუბინიძის ჩანაწერები თუ გამოვიდა გარეთ, რატომ ვერ გამოვა, მაგალითად, ბიძინას და მურუსიძის, ბიძინას და ჩინჩალაძის საუბრის ჩანაწერი?

რატომ სურს ოპოზიციას, რომ ეს ჩანაწერები სწორედ პარლამენტში და სწორედ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაშუქდეს?

უკვე დაიტესტა, როცა პარლამენტში ძალადობს ოცნება, ხალხის მობილიზება ბევრად სწრაფად ხდება, როცა პარლამენტში იწყება ჩხუბი და გაწევ–გამოწევა, ხალხი პარლამენტთან იწყებს შეკრებას, მთავარია, რამდენად დიდი მუხტი აიწევა პარლამენტში – თორემ, ძალიან მძიმე იყო ბერას და აწ უკვე პრემიერის აუდიოჩანაწერი, რომელიც მედიით გამოქვეყნდა და ქუჩაში გამოსვლა ამას არ მოჰყოლია. შესაბამისად, ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც სურთ რომ მტკიცებულებები, კონკრეტულად, პარლამენტიდან გავრცელდეს. თუმცა, მთავარი მიზეზი მეორეა – როგორც კი გამოჩნდება იმის მტკიცებულება, რომ მოსამართლეებთან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა და მონაწილეობს ივანიშვილი, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისი დაბარების უფლება ექნება და ივანიშვილს მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. როგორც კი, გამოჩნდება მტკიცებულება, რომ ივანიშვილი მოსამართლეებთან კორუფციულ გარიგებებშია, ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ფაქტებით დადასტურდება. როგორც კი მსგავსი მტკიცებულება გამოჩნდება, საგამოძიებო კომისიის წინაშე რომც არ წარსდგეს ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია დადებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, გარდა იმისა, რომ სანქცირებულ მოსამართლეთა კორუფცია დადასტურდება, დადასტურდება ივანიშვილის მონაწილეობაც ამ კორუფციაში და ამ დოკუმენტს ექნება იმაზე მეტი ძალა, ვიდრე ნებისმიერ მედიაში გამოქვეყნებულ მასალას. და მაშინ, ამერიკა უკვე იტყვის, რომ მას სხვა გზა არ დაუტოვა ივანიშვილმა, გარდა სანქცირებისა, თუნდაც, იმის გამო, რომ უსამართლობა იქნება, კორუფციული გარიგებების მხოლოდ ერთი მხარე დაასანქციროს და მეორე – არა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსამართლეების დასანქცირებამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ითხოვს საფრანგეთს მოქალაქე ივანიშვილის სანქცირებას. შესაბამისად, ივანიშვილმა უკვე იცის, რომ ამერიკას მოჰყვება საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია და სხვები. ამიტომაც მოსამართლეებს, თავის გადასარჩენად იცავენ და სწორედ, ამიტომ სურს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა. ივანიშვილი კი კარგადაა გამოკეტილი თავის ციხე–სიმაგრეში და კი იძახის პოლიტიკიდან ვდისტანცირდიო, კი ვერაფრით აიძულეს გამოსვლა ჩრდილიდან, მაგრამ ეს ის „კოზირია“, რომლითაც მას იმის მიუხედავად მიწვდებიან, გამოვა საკუთარი ჩრდილიდან, თუ არა.

ხო, სხვათა შორის, მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ გოგაშვილმა, რომელსაც ასე მაღალი თანამდებობა ეჭირა სუს–ში, ღიად დაადო კორუფციაში ხელი მურუსიძეს და ჩინჩალაძეს და თქვა, რომ არსებობს იმის მტკიცებულება, როგორ არიან თავად ჩართულები კორუფციაში და როგორ აიძულებენ სხვა მოსამართლეებსაც მათთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების დაწერას, შანტაჟით თუ ფულით. ცხადია, აბა, ყველას ივანიშვილი ხომ არ დაურეკავს? ყველას ხომ არ აქვს პატივი ივანიშვილის სახლში განიხილოს განჩინების დეტალები? როგორც ჩანს, ამერიკამ მხოლოდ ის მოსამართლეები დაასანქცირა, რომლებიც უშუალოდ ივანიშვილთან იყვნენ დაკავშირებულნი და რომლებიც ამ კორუფციის სათავეებთან დგანან.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სოსო გოგაშვილმა რუსეთთან არალეგალური ტვირთების მოძრაობაშიც  დასდო  ბრალი, სქემაც მოჰყვა და თქვა, რომ ეს სქემა დღემდე მუშაობს – სწორედ ამიტომ, სულ არ მგონია შემთხვევითი უკრაინის განცხადებები საქართველოსა და რუსეთს შორის არალეგალური ტვირთების მოძრაობაზე, თუმცა, ეს თუ დადასტურდა, თავად ქვეყანასაც შეექმნება სერიოზული პრობლემები და ამერიკას და ევროკავშირს, სწორედ ამიტომ არ აწყობს, ამ ეტაპზე, ამ კუთხით გააქტიურება. თან, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ივანიშვილის ბიზნესს და ფულს, მართალია სახელმწიფო უწყებების, სუსის, შსს–ს და მთავრობის გამოყენებით, მაგრამ მაინც ეს არ არის ის კოზირი, რომლითაც ივანიშვილს გამოიჭერ, შეიძლება გააშავო, (არც ახლაა თეთრი და ქათქათა), შეიძლება ხალხი აალაპარაკო, მაგრამ პარალელურად, ქვეყანასაც მიადგება დიდი რეპუტაციული ზიანი. ახლა კი იძახიან, რომ სოსო გოგაშვილი გაჩუმდა, მაგრამ თუ ჩემი ინფორმაცია მართალია, რაში სჭირდება იმაზე მეტის თქმა, რაც უკვე თქვა? ახლა ზის და უყურებს იმ დივიდენდებს, რომლებსაც უეჭველად მიიღებს, როცა ყველაფერი დასრულდება.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ გოგაშვილმა ოცნების ყველა ელჩი „სუკის აგენტებად“ მოიხსენია, შესაბამისად, მჯერა, რომ ელჩებზეც არსებობს მტკიცებულებები, თუმცა, ამ მტკიცებულებების გავრცელებაც, ასევე დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ქვეყანას, მაგრამ ელჩებს სიმშვიდის ფუფუნება, ვფიქრობ, მაინც არ უნდა ჰქონდეთ. არც კორუფციაში გარეულ სასულიერო პირებს უნდა ეძინოთ მშვიდად, რადგან მათზეც იციან. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ამერიკამ აირჩია გზა, რომლითაც ივანიშვილზე უნდა რომ გავიდეს კონკრეტულად, ისე, რომ ქვეყანას ნაკლები რეპუტაციული ზიანი მიადგეს და ეს გზაა – კორუფცია სასამართლოში, ეს გზაა უსამართლობა ქვეყანაში, არც ისაა შემთხვევითი, რომ ეს სწორედ ის თემაა, რაზეც ქართველი ადამიანი გარეთ გამოდის და ხელისუფლებებს ცვლის….“

 

წყარო: გიორგი ჯავახაძე alia.ge

მსგავსი სიახლეები