დასაწყობებული რუსული ტექნიკა გაძარცვული აღმოჩნდა. მეთაურმა თავი მოიკლა

რუსეთის 13 –ე სატანკო პოლკის 4–ე სატანკო დივიზიის  მეთაურმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ საწყობებიდან გამოტანილი სამხედრო ტექნიკა გაძარცვული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს.

უკრაინელი მზვერავების ინფორმაციით ოფიცერმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სატანკო დივიზიაში აღმოაჩინეს, რომ საწყობებიდან გამოყვანილი დაკონსერვებული ტექნიკა, მათ შორის ტანკები მძიმე მდგომარეობაშია და ბრძოლისთვის უვარგისია. მათი გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაწილს ძრავა აღარ აქვს, ზოგიერთ მათგანს დიდი ხანია მოპარეს ოპტიკური ნაწილები და ელექტრონიკა, რომლებიც ძვირფას მეტალებს შეიცავს, მუშა მდგომარეობაში კი ათიდან მხოლოდ ერთი ტანკი აღმოჩნდა.  ამიტომაც მათი ბრძოლაში გამოყენება შეუძლებელია.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით რუსი ოკუპანტები უკრაინაში დანაკარგების აღდგენას სწორედ საბრძოლო ტექნიკის დაკონსერვებული რეზერვების გახსნით ცდილობენ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ხანგრძლივი შენახვის საწყობებში ინახებოდა.

რუსებმა უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში, ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში სარემონტო–აღდგენითი ბაზა შექმნეს, სადაც გამოუსადეგარი საბრძოლო მანქანების გარემონტებას ცდილობენ, ასევე ქმნიან ადგილებს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული საბრძოლო ერთეულების შესანახად.

“ამჟამად რუსების გეგმები, ფრონტზე გაეშვათ საწყობებიდან გამოტანილი საბრძოლო ტექნიკა, ფაქტიურად ჩაშლილია“– აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

მანამდე უკრაინის გენშტაბი აცხადებდა, რომ დაახლოებითი გათვლებით რუსულმა არმიამ უკრაინაში 16 400 სამხედრო და 575 ტანკი დაკარგა. მხოლოდ ბოლო დღეღამის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მტრის ტექნიკის 89 ერთეული გაანადგურეს.

ამასთან, მტრის ტექნიკის ხელში ჩაგდების შედეგად უკრაინის შეიარაღება ძლიერდება. ომის დროს უკრაინამ 74 ტანკი დაკარგა, სამაგიეროდ რუსების 110 ტანკი დაუზიანებლად ჩაიგდო ხელში.

 

მსგავსი სიახლეები