ბათუმში, ბინაში გაზის შეყვანა 300 ლარით გაძვირდა და 1 100 ლარია

„ბათუმში როცა ბინა შევიძინე, მაშინ მითხრეს, რომ გაზის შეყვანას 800 ლარი სჭირდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ერთი წერტილი. ახლა გადაგვახდევინეს 1 100 ლარი და ის ერთი წერტილი არ შედის, კიდე უნდა გადაიხადოთ თანხაო. „სოკარში“ მითხრეს მარეგულირებელი წყვეტს ამ საკითხებსო და იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება“ – მოგვწერა ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

„ბათუმელები“ მარეგულირებელს, ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას [სემეკს] დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ბინაში გაზის შესაყვანად 800 ლარის ნაცვლად, ბინის მესაკუთრემ მართლაც 1 100 ლარი უნდა გადაიხადოს.

1 100 ლარია გადასახდელი თვითმმართველ ქალაქებში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მდებარე კორპუსებს, აქ გაზის ბინაში შეყვანა 400 ლარის ნაცვლად, უკვე 700 ლარი ღირს.

გაზის შეყვანის საფასური 300 ლარით, როგორც სემეკში გვითხრეს, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან გაძვირდა და გაძვირდა სემეკისავე დადგენილებით. თუმცა, არის ერთი ნიუანსი – ამ 1100 და 700 ლარში გაზის გამანაწილებელ კომპანიას ვალდებულება აღარ აქვს გაზი უშუალოდ ბინაში შეიყვანოს და როგორც ადრე იყო, ერთი წერტილი [ვთქვათ, გაზქურა] ჩართოს.

მაგალითად, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი რომ აბონენტად დარეგისტრირდეს და ბინაში გაზი ჰქონდეს, ცალკე იხდის 1 100 ლარს – ეს ბინამდე გაზის მიყვანისა და მრიცხველის საფასურია. უშუალოდ ბინაში [ე.წ. შიდა] გაზგაყვანილობის  ქსელის მოწყობაში თანხას ცალკე იხდის. როცა სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია „შიდა ქსელი“ და გადახდილია 1 100 ლარი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვალდებული გაზგამანაწილებელი კომპანია [ამ შემთხვევაში „სოკარი“] ბინა უზრუნველყოს გაზმომარაგებით, ანუ ახალ აბონენტს გაზი ჩაურთოს.

ამასთან, თუ თვითმმართველ ქალაქებში აბონენტებს ე.წ. ჭკვიანი მრიცხველის დამონტაჟება სურთ [ეს ინდივიდუალურად შეუძლიათ მოითხოვონ], 1 100 ლარის ნაცვლად 1 600 ლარი უნდა გადაიხადონ [დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი – 1200 ლარი].

თუ კორპუსი არ არის გაზიფიცირებული, ამ შემთხვევაში თანხა წინსწრებით უნდა გადაიხადოს ყველა ბინის მესაკუთრემ ერთად [თვითმმართველ ქალაქებში 800 ლარს დამატებული 300 ლარი, ანუ 1100 ლარი თითომ, სხვაგან კი – 700 ლარი [400+300].

სემეკის ინფორმაციით, თუ კორპუსი უკვე გაზიფიცირებულია და ვთქვათ, იქ ბინის გაყოფა ხდება, ახალ აბონენტს გაზმომარაგებისთვის დამატებით 300 ლარის გადახდა არ მოუწევს და გადაიხდის მხოლოდ 800 ლარს – თვითმმართველ ქალაქებში, ხოლო სხვა ადგილებში – 400 ლარს.

სემეკის მიერ გასულ წელს მიღებული დადგენილებით, ახალი [საყოფაცხოვრებო] მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით თვითმმართველ ქალაქებში 800 ლარი, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 400 ლარი ძალაში დარჩა, თუმცა, მრავალბინიანი კორპუსების შემთხვევაში, ამ საფასურს დაემატა „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ – 300 ლარი.

რატომ? – სემეკში აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციებით, გაზგამანაწილებელი კომპანიის ხარჯებს ტარიფი ანაზღაურებს, ამ შემთხვევაში კი [ახალი კორპუსების გაზიფიცირება], კომპანიის ხარჯი მინუსებში წავიდა.

„თუ მიერთების საფასურის გადასახადი არ ფარავს მიერთების ხარჯს, ამ შემთხვევაში კომპანიას კანონით აქვს უფლება მოითხოვოს, რომ ეს ხარჯი აისახოს ტარიფზე. მაქსიმალურად ვცდილობთ დაცული იყოს ტარიფი ასეთი სპეციფიკური ხარჯებისგან.

ზოგადად, როგორც კი კომპანია გვანიშნებს, რომ რაღაც ნაწილში დამატებითი ხარჯი განიხილება, ასეთ დროს ჩვენ [სემეკი] ვცდილობთ, რომ რა კატეგორიის მომხმარებელიც იწვევს ამ ხარჯის ზრდას, იქვე მოხდეს ამ ხარჯის, ასე ვთქვათ აკუმულაცია, რომ დადგენილ ტარიფზე არ იმოქმედოს. ამ შემთხვევაში, 300 ლარით გაზრდა მოხდა იმიტომ, რომ ახალი კორპუსების გაზიფიცირება უკვე არსებულ მომხმარებლებს არ დაეფინანსებინათ, ანუ, გაზის გადასახადი რომ არ გაზრდილიყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვანო მეჭურჭლიშვილმა, სემეკის რეგულირებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა.

მიუხედავად ამისა, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო ანუ კომერციული  მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით გაძვირდა.

„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული,“ – განაცხადა მაშინ „სოკარმა“.

ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შესაყვანად 800 ლარი სემეკმა 2019 წლის 30 დეკემბრიდან დაადგინა, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის კი, უცვლელად, 400 ლარი დატოვა.

საფასურის გაორმაგება სემეკში მაშინ ასე ახსნეს: „ცვლილება ბუნებრივი აირის სექტორს შეეხო, ვინაიდან არსებული საფასურის ოდენობა, შესრულებული სამუშაოების თვითღირებულებიდან გამომდინარე, არარეალური იყო. ამიტომ რეალური საფასურის დადგენა ხელახლა იყო საჭირო. მიზეზი თვითონ სამუშაოების სირთულეებია, მაგალითად, თვითმმართველ ქალაქებში ძალიან ბევრ ადგილზე, საჭიროა ასფალტის გადათხრა, სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება [იგივე, ტექნიკის დაქირავება, შეთანხმებები და ა.შ.], რაც სხვა ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში არ დგას დღის წესრიგში“.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები