ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებს აკრიტიკებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც შეერთებული შტატები იცავს და პარტნიორი ქვეყნებისგანაც იმავეს ელოდება.
საელჩოს წერილობით პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე დემოკრატიული პროცესების სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებელია. ეს, როგორც განცხადებიდან ირკვევა, სწორედ ის გზავნილია, რომელიც ამერიკულმა მხარემ ქართულ ხელისუფლებას დახურულ შეხვედრებზეც არაერთხელ გაუზიარა.
დიპლომატიურ წრეებში მიიჩნევა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე არ ქვეყნდება. შესაბამისად, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეფასება ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ეს განცხადება ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მტკიცებას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება.
აშშ-ის საელჩოს კრიტიკულ განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუკეთებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უკვე მეორე წელია ვაშინგტონთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საუბრობს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების ფონზე, ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კონკრეტული ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.







