ქართული ოცნების განცხადების შემდეგ, რომლითაც ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, პარლამენტს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ტოვებს.
ამის შესახებ მოქმედმა დეპუტატმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებიდან ერთადერთი მიზეზის გამო გავიდა – დაინახა, რომ არჩევნებზე 43%-ის აღების შანსი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევდათ.
“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან ერთი მიზეზის გამო – დაინახა, რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუქნტი. დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე.
აპელირება იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები. ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი. ზუსტად ისე, როგორც კრემლთან. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს.
თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებს რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის”. – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
წყარო: guria.tv