15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელმაც საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა, მუშაობა კომპანია RMG Gold-ში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კომპანიაში დაუდასტურეს.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩოლოიანი რამდენიმე კვირის წინ დაცვის სამსახურში დასაქმდა და მაღალ თანამდებობას არ იკავებს:
“დაცვის სამსახურშია მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული, რიგით თანამშრომლად”, – განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში დაღუპული ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გასულ წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
როგორც მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ყოფილი გამომძიებლის გათავისუფლების შემდეგ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ჩოლოიანი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
დაცვის მხარის განმარტებით, ჩოლოიანი პატიმრობიდან “კარგი ყოფაქცევისა” და “ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის” გათვალისწინებით გაათავისუფლეს.
ადგილობრივი საბჭოები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექვემდებარება. საბჭო განიხილავს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სასამართლომ ჩოლოიანს პატიმრობა 2020 წლის 7 სექტემბერს მიუსაჯა.
ლუკა სირაძის საქმე
15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოზარდის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მანამდე შსს-ც აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.
გამომძიებლის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიმ თქვა, რომ 15 წლის მოზარდის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 23:30 საათამდე.
ლუკა სირაძის ძმა 2020 წლის დეკემბერში “ნეტგაზეთთან” აცხადებდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ: 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
2020 წლის ივლისში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის გარდა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე სხვა პოლიციელებმაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა.
მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ სამართლიანობას მიაღწია, როცა ჩოლოიანი და კიდევ 3 პოლიციელი უმკაცრესად დაისჯებიან, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვდა. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.
თავის დროზე საქმის გამომძიებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი – აცხადებდა, რომ ჩოლოიანის გარდა, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდანაც გამოვლინდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები, თუმცა სხვა პოლიციელების მიმართ ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ პოლიციელებს დისციპლინარული სახდელი დაეკისრათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში სახდელის ფორმა არ დაუკონკრეტებიათ.