ევროკავშირი მომავალ კვირას რუსულ კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება ავრცელებს.
Politico-ს ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების დოკუმენტის პროექტი. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ც.
მედიასაშუალებების ცნობით, ვაგნერის გარდა, სანქციები დაუწესდება კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებულ 3 ორგანიზაციასა და ათეულობით ადამიანს.
რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი, ძირითადად, მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში სამხედრო ოპერაციებში დაქირავებული სამხედროებით მონაწილეობს. ისინი ჩართულნი იყვნენ უკრაინაში, 2014 წელს, ევრომაიდნის ოპერაციაში უკრაინის პრორუსული ხელისუფლების სასიკეთოდ. გარდა ამისა, ვაგნერი მონაწილეობდა ოპერაციებში სირიაში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.
რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ვაგნერს კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, არ ფინანსდება მისგან და მისი კონტრაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი სამხედროები არიან.