საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის თავმჯდომარე დავით ნარმანია ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეებს შორის, რომლებმაც პანდემიურ, 2020 წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს. ამის შესახებ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში იყო აღნიშნული. კერძოდ, კვლევის თანახმად, დავით ნარმანიამ პრემიის სახით, 2020 წელს 45 000 ლარი აიღო.
2021 წლის 9 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნარმანიამ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით, 154 930 ლარი; ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის პოზიციაზე – 3 473; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასევე მოწვეული პროფესორის პოზიციაზე – 996 ლარი; თსუ-ს მკვლევარისა და პროფესორის პოზიციაზე კი შესაბამისად, 444 და 22 407 ლარი მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, ნარმანია ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდში; ბინას თბილისში; ასევე 2020 წელს 180 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს, რომელზე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობაა განთავსებული.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ნარმანიას საბანკო ანგარიშებზე – 188 ლარი და 9980 ლარის საკრედიტო ჰქონდა. სემეკის თავმჯდომარე ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა, საწარმოს საქმიანობით შემოსავალი არ აქვს მიღებული.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დავით ნარმანიას StopCov ფონდში 10 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს მიწის ნაკვეთს სოფელ ბოშურში.