ვაქცინის გარე დარჩენილები – ვის აერია ანგარიში?

ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გადადებულია. ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. ბოდიშს გიხდით უხერხულობის შექმნისთვის” – ლათინური ასოებით დაწერილი ამ შინაარსის გზავნილი კლინიკებიდან 21 და 22 ივნისს რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიიღო. მათი ჯავშანი კოვიდ-საწინააღმდეგო „ასტრაზენეკაზე“, გაურკვეველი ვადით გადავადდა.

არადა, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ანუ ვაქცინაციის დაწყების პირველი დღიდან 22 ივნისამდე, არც ერთხელ თქმულა, რომ მაგალითად, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის მისაღებად, მოქალაქეებს პრობლემები შეექმნებოდათ. პირიქით, ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი პირები, ჯანდაცვის უწყებების მაღალჩინოსნები, დღენიადაგ გვარწმუნებდნენ, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დეფიციტი არ შეიქმნებოდა და მოქალაქე, რომელმაც ამ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დარჩებოდა მეორე დოზის გარეშე.

დღესაც ამას იმეორებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ირწმუნება, რომ მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ მეორე დოზას აუცილებლად მიიღებენ. არადა, ჯერ ისევ უცნობია, როდის შემოვა ქვეყანაში „კოვაქს პლატფორმის“ მიერ დაპირებული 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში 22 ივნისს, გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო.

როგორც დღეს გაირკვა, ამ დოზების ქვეყანაში შემოტანის საკითხი უკვე მესამედ გადავადდა. ამირან გამყრელიძის თქმით, 43 000 დოზა „ასტრაზენეა“ ჯერ მაისის ბოლოს უნდა მიეღო ქვეყანას, შემდეგ ივნისის დასაწყისში, ბოლო თარიღად 22 ივნისი დასახელდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოლოდინი ამჯერადაც გაცრუვდა.

22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში, 5000-მდე მოქალაქეს შეექმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების პრობლემა. აქედან 1250 მოქალაქე, ვაქცინის პირველ დოზებს ელოდა, დანარჩენი კი მეორე დოზებს. თუკი კვლავ ამირან გამყრელიძის სიტყვებს დავეყრდნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით, მეორე დოზის ჯავშანი 10-12 კვირის მონაკვეთში უწევთ, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ, რადგან მისი თქმით, ქსელში 1600 დოზა „ასტრაზენეკა“ კვლავ ინახება. ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს, რომელთა ჯავშანიც 4-10 კვირის პერიოდს მოიცავს, ბოდიშის მოხდით, მოცდა მოუწევთ. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს, მათ მთავრობა ჩინურ „სინოფარმს“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებს.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

მსგავსი სიახლეები