ექსკლუზივი: გაყიდული საფლავებიდან წილი ქურდებთან მიდიოდა [ფარული ჩანაწერები]

გარდაცვლილებისთვის საფლავის გასათხრელად გადახდილი ფულიდან წილი უბნის მაყურებლებს მიჰქონდათ – ამის შესახებ “შაბათის ეთერისთვის” მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა პროკურატურის საგამოძიებო მასალების ტომები და ფარული ჩანაწერები მოიპოვა.

ირკვევა, რომ რეკეტის სათავეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ძმა, ლევან შუკაკიძე იდგა და გლდანის სასაფლაოზე ადგილების განაწილებას და მოპირკეთების სამუშაოებს ფულის სანაცვლოდ ზედამხედველობდა.  საბოლოოდ კი წილი ჯერ მასთან, შემდეგ კი სავარაუდოდ ე.წ. ქურდულ საერთოში  მიდიოდა.

ჭირისუფლის რეკეტის საქმის მასალებით დგინდება, რომ თუ მიცვალებულის გლდანის სასაფლაოზე დაკრძალვა სურდათ, აუცილებელი იყო წილი ე.წ. ქურდულ საერთოში წასულიყო. ეს სასაფლაო თბილისის მერიას ეკუთვნის, “ჰერმესი” კი მუნიციპალური კომპანიაა. ფულსაც ჭირისუფალი საფლავის შესაძენად ბიუჯეტში იხდის. 

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ნოდო “გლდანის” ძმას, რომელიც სასაფლაოების მაფიას მართავდა, ყავდა, სპეც წარმომადგენელი გლდანის სასაფოლაოზე. “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული აუდიო ფაილები ადასტურებს, რომ ეს პირი იოსებ გოგოსაშვილი იყო. გოგოსაშვილი ამ საქმეზე ახლა ბრალდებულია – ის ლევან შუკაკიძესთან ერთად დააკავეს.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ფული ე.წ. ქურდულ საერთოშო სასაფლაოს მუშების მიერ მიღებული ანაზღაურებიდანაც მიდიოდა. ისინი ვალდებულები იყვნენ, ანგარიში ჩაებარებინათ, რამდენი საფლავი გათხარეს, მოაპირკეთეს ან მემორიალი რამდენ მიცვალებულს დაუდგეს, ასევე რა თანხა მიიღეს ამის სანაცვლოდ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა ლევან შუკაკიძე წუხს,  რომ ბოლო დროს შეკვეთები შემცირდა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა საქმის მასალების მიხევდით, გლდანის სასაფლაოზე, სავარაუდოდ  მიცვალებულებისთვის ადგილებსაც ანაწილებდა. მოპოვებული აუდიო ფაილებით დგინდება, რომ სწორედ ლევან შუკაკიძესთან თანხმდებოდა, ვინ სად უნდა  დაეკრძალათ და  ჭირუსფალს საფლავში რა თანხა უნდა გადაეხადა.

 

 

მსგავსი სიახლეები