პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობით და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, 2024 წლის 29 აპრილს მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა, შეეცვალა შეფარდებული სანქცია და საქონლის უსასყიდლო ჩამორთმევის სანაცვლოდ დაეკისრა ჯარიმა საზღვარზე შემოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, 2024 წლის მაისში, შუამავლების მეშვეობით, მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250 000 ლარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: BM.GE







