კომპანია „მეტამ“, რომელიც „ფეისბუქის“, „ვოტსაპის“, „ინსტაგრამისა“ და „თრედსის“ მშობელი კომპანიაა, ევროკავშირის არჩევნებამდე დააანონსა გეგმა, მისი კონტენტის მოდერაციის შესახებ, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მათი დამალვით ან სრულად წაშლით.
„მეტას“ ევროკავშირის საკითხების თავმჯდომარის, მარკო პანჩინის ბლოგპოსტში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი კონტენტი, რომელიც „მცირე ძალადობას“ მაინც შეიცავს ან „გამიზნულია ევროკავშირის არჩევნებში ხმის მიცემის ჩახშობისკენ“, წაიშლება ნებისმიერი პლატფორმიდან.
პოსტები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკას პირდაპირ არ არღვევს, მაინც ხვდება ევროკავშირის მასშტაბით 26 „დამოუკიდებელი“ პარტნიორი ორგანიზაციის განხილვის ქვეშ, რომლებიც საერთო ჯამში 22 ენას ფარავს. ევროკავშირის არჩევნების სამზადისში, „მეტა“ სამ დამატებით ახალ პარტნიორთან ამყარებს კონტრაქტს, რათა საფრანგეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის დაფარვაც მოხდეს.
ასეთ „დამოუკიდებელ“ ორგანიზაციებს „მეტა“ ინფორმაციის უფრო ეფექტიანად და სწრაფად გადასამოწმებლად ე.წ. „საკვანძო სიტყვების ამომცნობ“ მექანიზმს გადასცემს, რასაც დაემატება წვდომა „მეტას“ უახლოეს საძიებო სისტემა „მეტას კონტენტის ბიბლიოთეკაზე“. აქედან გამომდინარე, ფაქტ-ჩეკერებს ძალიან ძლიერი მექანიზმები ექნებათ ინფორმაციის სწრაფი ანალიზისათვის.
ევროკავშირის არჩევნებისთვის კომპანია „მეტა“ აპირებს „არჩევნების ოპერაციული ცენტრის“ შექმნას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მაგალითად, სადაზვერვო სამსახურს, ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტებს, ინჟინრებსა და იურიდიულ პირებს. მათი მთავარი ამოცანა იქნება „პოტენციური საფრთხეების გამოვლენა და მათი პრევენცია „მეტას“ პლატფორმებიდან“.
როდესაც ასეთი ლოკალური ფაქტ-ჩეკერები კონტენტს არასანდოდ მიიჩნევენ, „მეტა“ კონკრეტულ პოსტს იარლიყს აკრავს და ხელს უშლის მის გავრცელებას, რათა „უფრო ნაკლებმა ხალხმა იხილოს ის“.
მაგალითისთვის, 2023 წლის ბოლო 6 თვეში დაახლოებით 70 მილიონ პოსტს ჰქონდა ფაქტ-ჩეკერების მიერ მიმაგრებული იარლიყი ევროკავშირის მასშტაბით. „მეტას“ თანახმად, აღნიშნული მიდგომა საკმაოდ წარმატებულია, რადგან იარლიყიანი კონტენტის დაახლოებით 95% სოციალური მედიის მომხმარებლებმა სრულად ვერ იხილეს. ასევე, ჩავარდნილი კონტენტის გამოყენება პოლიტიკურ რეკლამებში აკრძალულია. რეკლამების დამკვეთებსაც მოუწევთ მთელ რიგ კრიტერიუმებს დაემორჩილონ. ნებისმიერი რამ, რაც ამომრჩეველს უბიძგებს თავი შეიკავონ არჩევნებში მონაწილეობისგან, ან ნებისმიერი რეკლამა, რომელიც კონკრეტული პარტიის/პირის წინასწარ გამარჯვებას დაიჩემებს, მომენტალურად დაიბლოკება.
ფაქტ-ჩეკერების არმია
ზემოთ აღწერილი სიტუაციიდან გამომდინარე, ისმის ლოგიკური შეკითხვა − რატომ უნდა ვენდოთ „მეტას“, რომ ის მიუკერძოებელი იქნება თავის პოლიტიკაში? განსაკუთრებით „ტვიტერის“ ფაილების გამჟღავნების შემდეგ, საიდანაც გაირკვა, რომ სოციალური მედიის კომპანიები მემარცხენე ისტებლიშმენტისა და სადაზვერვო სამსახურების ჯიბეებში სხედან. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაა, თუ რას წარმოადგენს ის 29 „დამოუკიდებელი“ ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენი დემოკრატიის დაცვისათვის არიან არჩეულნი, ან რა დონის ძალაუფლებას ფლობენ ისინი.
„მეტას“ დამოუკიდებელ ფაქტ-ჩეკერთა ქსელი 90 ორგანიზაციისგან შედგება და 60 ენას ფარავს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიხილოთ „მეტას“ პარტნიორთა სია ევროპის კონტინენტზე.
ევროპაში, ყველაზე დიდი პარტნიორი, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ასევე კონტინენტის ძირითადი საინფორმაციო სააგენტოა, ფრანგული AFP. სხვა გლობალური საინფორმაციო ქსელის მსგავსად, მედიაგიგანტი იშვიათად ეწევა რაიმე სახის პოლიტიკურ კომენტარს, რაც მას იდეალურს ხდის მიუკერძოებელი და ზომიერი განსჯისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. AFP-ის ფაქტების შემოწმების პროცესს All Sides-ის მიერ მიენიჭა ყველაზე ძლიერი მემარცხენე მიკერძოების რეიტინგი. ის გამოირჩეოდა მემარჯვენე პოლიტიკოსების არაპროპორციულად ხშირი ფაქტების შემოწმებით.
ამ ორი ორგანიზაციის გარდა, „მეტა“ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ასაქმებს 1 ან 2 ლოკალურ ჯგუფს. ისინი შეიძლება იყვნენ პოპულარული ფაქტ-ჩეკერი არასამთავრობოები, ინტერნეტ მედიაკომპანიები ან უბრალო ტაბლოიდებიც კი. მთავარი კრიტერიუმი „მეტასთვის“ არის საერთაშორისო ფაქტ-ჩეკერების ქსელის სერტიფიკატი, რომელიც წესით მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის გარანტი უნდა იყოს. თუმცა, სერტიფიკატი მისთვის, ვისთვისაც ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური დინამიკა, სრულიად საპირისპიროს წარმოადგენს. ფაქტ-ჩეკერთა ქსელი პოინტერ ინსტიტუტის ქვედანაყოფია, რომელიც ფინანსდება ამერიკის მემარცხენე ტრიუმვირატის მიერ; სილიკონის ველის ტექნოლოგიური გიგანტების, საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ფილანთროპებისა და ამერიკის დემოკრატიული პარტიის მიერ. საერთაშორისო ფაქტ-ჩეკერთა ქსელის დამფუძნებლებიც ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები არიან − ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და National Endowement for Democracy − ეს უკანასკნელი ფართოდ არის ცნობილი საკუთარი თვისებით, მუდმივად ჩაერიოს უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში.
შეუძლებელია ამაზე ნაკლებად დემოკრატიული იყო.
მაგალითად, გერმანიაში „მეტას“ მთავარი პარტნიორია არაკომერციული, მაგრამ მთავრობის მიერ დაფინანსებული საგამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაცია Correctiv, რომელმაც გამოაქვეყნა სამარცხვინო სტატია მემარჯვენე-პოპულისტური AfD-ის დეპორტაციის გენერალური გეგმის შესახებ, რაც მოგვიანებით მემარცხენეების ძირითადი მობილიზაციის წყარო გახდა. მოგვიანებით კი მათ უკან დაიხიეს და აღიარეს, რომ სტატიის უმეტესი ნაწილი მათ მიერვე იყო გამოგონილი. ასევე, როგორც გაირკვა, „კორექტივის“ დირექტორი დახურულ შეხვედრებს მართავდა თავად კანცლერ შოლცთან სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც რთულად კვალიფიცირდება „მიუკერძოებლობასთან“.
გარდა ამისა, სიაში შედის ახალი ამბების სხვადასხვა საიტები, როგორებიცაა France24, Irish Journal და Italian Open. ყველა მათგანი ლიბერალური მიკერძოების გარკვეულ დონეს ამჟღავნებს. მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ იპოვოთ საფრანგეთის უფასო ბეჭდური გამოცემა 20 Minutes, ან ჰოლანდიურენოვანი ბელგიური ტაბლოიდი Knack, რომელიც ღიად „მემარცხენე-ლიბერალური“ ორიენტაციის მქონეა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მეტას“ პარტნიორთა აბსოლუტური უმრავლესობა ლოკალური, „დამოუკიდებელი“ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ექსკლუზიურად ფაქტების შემოწმებაზე მუშაობენ.
ესპანეთში ჩვენ გვაქვს Newtral, ხოლო იტალიაში Pagella Politica, რომელიც, როგორც ჩანს, შთაგონებულია აშშ-ში დაფუძნებული (ცნობილი დემოკრატებისადმი მიდრეკილი) Politi Fact-ით. როგორც ჩანს, ორივე ფაქტობრივად ამოწმებს პოპულისტ მემარჯვენეებს (ვოქსი, ლეგა, ფრატელი) უფრო ხშირად, ვიდრე სხვა პოლიტიკოსებს, ასე რომ, ისინი დამნაშავენი არიან მიკერძოებულობაში მათი სიუჟეტის შერჩევისას. Newtral შეიქმნა და იმართება ესპანეთში მემარცხენე მედიის ცნობილ პირთა მიერ.
პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში დასაქმებულია სამი ურთიერთდაკავშირებული ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ იგივე სახელი („დემაგოგი“). ერთი შეხედვით, ისინი ძირითადად რუსულ დეზინფორმაციას ებრძვიან, მაგრამ ასევე ხშირად ამოწმებენ პოლიტიკოსებს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა მემარჯვენე იდეოლოგიის მქონეა. ჩეხურ საიტს არაერთხელ დასდეს ბრალი პოლიტიკოსების ცალმხრივ „ცილისწამებაში“. ამასთანავე, ამ უკანასკნელს აკრიტიკებენ ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდიდან თანხების მიღების გამო.
Re:Baltica, რომელიც მოიცავს ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას, ყურადღებას ამახვილებს სამ ძირითად მიმართულებაზე: რუსეთზე, კლიმატის ცვლილებაზე და ლგბტ საკითხებზე − არც ისე ძნელი გამოსაცნობია მისი პოლიტიკური იდეოლოგიის გამოცნობა.
ადვილად დასანახია ძირითადი სურათი. ასევე მართალია, რომ მთელი „ფაქტების შემოწმების“ ინდუსტრია ბუნებით მარცხნივ არის მიდრეკილი და რომ Meta ჩვეულებრივ ირჩევს უმსხვილეს ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი რესურსი კონკრეტულ ქვეყნებში. მაგრამ პრობლემა არ არის მარჯვნივ მიდრეკილი ფაქტების შემმოწმებლების ნაკლებობა − ნებისმიერი „მიდრეკილება“ მიუღებელი უნდა იყოს, როცა საქმე დემოკრატიას ეხება. პრობლემა ის არის, რომ ამ ორგანიზაციებს ეძლევათ ინსტრუმენტები და უფლებამოსილება, შეზღუდონ კონტენტის ხილვადობა, ან თუნდაც წაშალონ ის და ამისთვის ისინი ფულსაც იღებენ. ტექნიკურად, რა თქმა უნდა, ღილაკს „მეტა“ აჭერს, მაგრამ კომპანია დამოუკიდებლად არ გადაამოწმებს თითოეულ პრეტენზიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივ კონტექსტს.
ლიბერალური ცენზურა, რომელიც შენიღბულია ფაქტების შემოწმების სახით, ბევრად გავრცელებულია, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ: კიდევ ერთხელ გაიხსენეთ Twitter-ის ფაილები − გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ეს არ მოხდება 2024 წლის ევროკავშირის არჩევნებზე, რომელმაც შესაძლოა უდიდესი გარღვევა მოიტანოს კონსერვატიული ძალებისთვის.
წყარო: https://europeanconservative.com/articles/analysis/fact-checking-metas-fact-checkers/