„მონასტერი არ იხურება“ — რა ხდება რეალურად კიევ-პეჩერის ლავრაში

დღეს, 29 მარტს, ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.

რუსული პროპაგანდა აღნიშნულს წარმოაჩენს როგორც უკრაინის ხელისუფლების ბრძოლას ეკლესიასთან და ქრისტიანობასთანაც კი.

საქართველოშიც ვრცელდება დეზინფორმაცია მოქმედი სამონასტრო კომპლექსის მუზეუმ-ნაკრძალად გადაკეთებისა და იქ ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კიევ-პეჩერის ლავრას ისედაც ეროვნული ნაკრძალის სტატუსი აქვს და უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაშია გადაცემული 2013 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებით, რომელიც უკრაინამ 29 მარტიდან გააუქმა.

აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ღვთის ტაძარი მუზეუმად გადაკეთდება და აღარ აღევლინება წირვა-ლოცვა კიევ-პეჩერის ლავრაში“.

28 მარტს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია.

„გაუგონარი რამ ხდება კიევში, სადაც კიევო-პეჩორის ლავრაში მიმდინარე ათასწლოვანი განუწყვეტელი წირვა-ლოცვის შეჩერება განუზრახავთ საპრეზიდენტო დადგენილებით, ხოლო მოქმედი სამონასტრო კომპლექსის გადაქცევა კი — „მუზეუმ -ნაკრძალად”. ულტიმატუმის მიხედვით, მსახურება უნდა შეაჩეროს და ლავრის ტერიტორია დატოვოს 200-ზე მეტმა მართლმადიდებელმა ბერ-მონაზონმა და სასულიერო პირმა, ან მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზებული ალტერნატივის მიხედვით, დატოვოს კანონიკური, მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლია და შეუერთდეს სქიზმატ (განხეთქილებაში მყოფ) ე.წ. „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას”, — ამ განცხადებით მოუწოდა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ.

განხეთქილებაში მყოფ ეკლესიას იგი უწოდებს უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის ავტოკეფალია აღიარებული აქვს მსოფლიო საპატრიარქოს და არაერთ ეკლესიას, რუსეთისა და მისი თანამოაზრეების გარდა, ხოლო კანონიკურად მიიჩნევს მოსკოვს დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიას.

„შეწყვიტოს უკრაინის მთავრობამ ჭეშმარიტი ეკლესიის დევნა-შევიწროება“, „შორს ხელები კიევ-პეჩერის ლავრიდან“ — ამ შინაარსის ბანერები, ჯვრები და ხატები ეპყრათ ხელთ თბილისში აქციის მონაწილეებს.

აქცია-მსვლელობა უკრაინის საელჩოსკენ. სქრინი: დიმიტრი ლორთქიფანიძის ფეისბუქ-ლაივიდან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო აქციას გაემიჯნა და სასულიერო პირებს მასში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, კიევ-პეჩერის ლავრის საკითხზე საკუთარი პოზიცია საქართველოს პატრიარქმა სწორად უკრაინის არაავტოკეფალიური ეკლესიის სასარგებლოდ დააფიქსირა ირიბად. ილია მეორემ თქვა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება „რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს“ და „დაძაბულობის განმუხტვისთვის“ მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა.

ბრძოლა კიევ-პეჩერის ლავრისთვის

უკრაინაში ორი მართლმადიდებლური ეკლესიაა:

ავტოკეფალური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ)
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ МП).
УПЦ МП-ის მღვდლებს ახლა კიევ-პეჩერის ლავრას ატოვებინებენ.

უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.

ავტოკეფალიის გამოცხადებამდე მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის.

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის გამოცხადებით ქვეყნის საეკლესიო ცხოვრებაში ახალი, რუსეთისთვის არასასურველი რეალობა დადგა, თუმცა მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია: ომის დაწყებამდე მოსკოვის საპატრიარქოსა და მის მეთაურს, პატრიარქ კირილს, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული 12 000 სამრევლო ექვემდებარებოდა და მოსკოვი განკარგავდა მრავალ ეკლესია-მონასტერს. კიევ-პეჩერის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.

თუმცა 24 თებერვლის შემდეგ სურათმა მნიშვნელოვნად დაიწყო ცვლა: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ იმ უკრაინელ მართლმადიდებელთა ნახევარს, რომლებიც ამ დრომდე რუსეთზე დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები იყვნენ, სურდათ, მათ ეკლესიას მოსკოვთან და კირილთან კავშირი გაეწყვიტა.

როგორც მრევლის, ისე არაერთი სასულიერო პირის აღშფოთების მიზეზი მოსკოვის პატრიარქის მიერ რუსეთის ომის მხარდაჭერა გახდა.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის ასობით მღვდელმა მოითხოვა, კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს. ასობით სამრევლომ საერთოდ დატოვა ეს ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში გადაინაცვლა.

ამ ვითარებაში მოსკოვზე დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „სრული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის” შესახებ განაცხადა. УПЦ МП-ის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ დაგმო რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ომზე მოსკოვის პატრიარქ კირილის პოზიციას.

თუმცა უკრაინის ხელისუფლებას, ისევე როგორც ავტოკელაფურ ეკლესიას, ეპიფანეს ხელმძღვანელობით, ამ გამიჯვნის არ სჯერათ.

თეოლოგების განმარტებით, ეს უფრო იძულებითი ფორმალობა იყო, ვიდრე ქმედითი ნაბიჯი და ონოფრეს არ გაუწყვეტია რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი.

ონოფრეს მიერ რუსეთის ეკლესიასთან გამიჯვნის არგუმენტს იშველიებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც, როდესაც მსოფლიო პატრიარქს მის დახმარებას სთხოვს. ილია მეორე ხაზს უსვამს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩერის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც.

„ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი — ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“, — წერს ილია მეორე.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი, კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის ახალი არქიმანდრიტი, მიტროპოლიტი ეპიფანე ამბობს, რომ ეკლესია ონოფრეს ხელმძღვანელობით გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული აგრესიის ინსტრუმენტად და ამ უკანასკნელმა სცადა სახელმწიფოსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის გამოცხადებით, როდესაც რეალურად აგრძელებს მოსკოვის ქვეშევრდომობას. კიევ-პეჩერის ლავრა, მისი თქმით, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის გამავრცელებელ ცენტრად რჩებოდა, რაც შეიცვლება.

კიევ-პეჩერის ლავრას აქვს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ნაკრძალის სტატუსი. 2013 წლის ხელშეკრულებით, ნაკრძალის ბალანსზე მყოფი ეკლესია-მონასტრები და ნაგებობები უსასყიდლო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა მიმდინარე წლის 29 მარტიდან უკრაინის ხელისუფლებამ ეს ხელშეკურლება გაწყვიტა.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებმა და მღვდლებმა უნდა გაათავისუფლონ კიევ-პეჩერის ლავრის ყველა შენობა.

УПЦ МП-მ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ეროვნული ნაკრძალის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მისმა მიტროპოლიტმა პაველმა განაცხადა, რომ მას და УПЦ МП-ის სასულიერო პირებს უფლება აქვთ დარჩნენ და არ აპირებენ ლავრის დატოვებას სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

ფოტო: უკრაინსკაია პრავდა

კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრის ამაღლების ტაძარში რუსეთთან დაკავშირებული ეკლესიის მღვდლებმა დღეს ბოლო წირვა ჩაატარეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დღეს გადაიდგა ნაბიჯი უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, საზოგადოების დასაცავად ძველი და ცინიკური მოსკოვური რელიგიის მანიპულაციისგან.

„უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში. ასეა 1991 წლიდან. ასე იქნება ყოველთვის“, — დასძინა მან.

მიტროპოლიტ ეპიფანეს მიმართვა

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი, კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის ახალი არქიმანდრიტი, მიტროპოლიტი ეპიფანე ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე მონასტერი არ დაიხურება და ღვთისმსახურების ენა, თანამედროვე უკრაინულთან ერთად, ძველი სლავური იქნება.

„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ არის ამ მონასტრის დახურვაზე, მასში ლოცვის, ღვთისმსახურების და სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტაზე. დღევანდელი მოვლენების შედარება ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ კომუნისტური ხელისუფლების წარსულ დევნასთან არის უსაფუძვლო მანიპულირება. განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს იერარქის ბაგეებიდან, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან და მისი სახელით არჩეულ თანამდებობაზე წარდგენასაც კი ცდილობდა“, — ამბობს ეპიფანე.

ეპიფანე წერს, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სინოდმა მიმართა მთავრობას თხოვნით, რომ უზრუნველეყო სამონასტრო ცხოვრებისა და ღვთისმსახურების შესაძლებლობა კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ ეკლესიას ეკავა.

„ეს მოთხოვნა კვლავ აქტუალურია და ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ სამონასტრო ცხოვრება, ყოველდღიური ლოცვისა და ღვთისმსახურების შესაძლებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

როგორც არქიმანდრიტი, ის არწმუნებს ლავრის ბინადრებს, რომ ყველა, ვინც იცავს კანონებისა და ტომოსის მოთხოვნებს, უარყოფს მოსკოვის უკანონო ძალაუფლებას, გააგრძელებს მსახურებას ლავრაში.

„ჩვენ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს შესაძლებლობებს და უფლებამოსილებას, რათა დაგიცვათ ლავრის ყოფილი უფროსის [ონოფრე] დაშინებისგან… ძველი სლავური ენა, თანამედროვე უკრაინულ ენასთან ერთად, იქნება ლავრის ლიტურგიული ენა — ვიცით, რომ ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანია ბევრი თქვენგანისთვის“, — ნათქვამია მიმართვაში.

უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის შევიწროება გასული წლის ოქტომბერიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა რეიდები მათ ობიექტებში.

2023 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის უსაფრთოების სამსახურმა აღძრა თითქმის 60 სისხლის სამართლის საქმე УПЦ МП-ის სასულიერო პირების წინააღმდეგ. სასამართლომ 7 გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, უმაღლეს რადას შესთავაზოს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვაც.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თითქმის 200 სასულიერო პირს უკრაინაში შესვლა ეკრძალება. ასევე დაწესებულია რიგი სანქციები რუსეთის ეკლესიასთან დაკავშირებული პირების მიმართ.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები