ზუგდიდის რაიონული სასამართლოში ბადრი ესებუას გახმაურებული პროცესი გრძელდება. სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი 37 წლის კაცს 2 წლის შემდეგ პირველად, სასამართლო პროცესზე შეხვდა.
ავთანდილ გალდავა ის პირია, ვინც შეიარაღებულ მძარცველს ნახევარი მილიონი ლარი შავ ჩანთაში ჩაულაგა და მძევლადაც ჩაბარდა.
ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვის ბოლოს, ბრალდებულმა გალდავას მისი დაკავება მიულოცა.
ამასთან, ესებუას თქმით, ის უდანაშაულოა, შსს-მ კი მისი “უდანაშაულო ძმა 4 წლით ციხეში გაუშვა” და ოჯახს ახლაც ატერორებს:
“პირველ რიგში მინდა, რომ მოგილოცოთ ჩემი დაკავება დიდი მიღწევაა ეს როგორც ჩანს. მე გამიხარდებოდა, რომ როგორც მე და ჩემ ოჯახს შეგვებრძოლეთ ისე შეებრძოლოთ ჩვენ მტერს. თქვენ როცა აძლევდით ჩვენებას, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული. მე მაინტერესებს რატომ არ აგიჩუყდათ გული, როცა ჩემ ოჯახს სასტიკად გაუსწორდით, ჩემი უდანაშაულო ძმა ოთხი წლით გაუშვით ციხეში და იგივე ტრიუკი ჩაატარეთ ჩემ ნათესავებსაც,”- მიმართა ბადრი ესებუამ ავთანდილ გალდავას.