ევროპაში “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მედიის თავისუფლებისა და ჟურანლისტების უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემების გამო აკრიტიკებენ. ამის შესახებ მარინა კალიურანდმა და სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველოსთვის “შესაძლებლობების ფანჯარა” კვლავ ღიაა, თუმცა საჭიროა პოლიტიკოსების მხრიდან პარტიული ინტერესების გვერდზე გადადება და დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობის დაწყება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში უკვე განიხილეს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებისთვის მხარდაჭერის საკითხები, საქართველოს შემთხვევაში კი დღეს მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე საუბრობენ:
“დღეს ჩვენ განვიხილავთ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს საქართველოში. მე არ ვარ რეზოლუციის ინიციატორებს შორის, ამ რეზოლუციას გადაუდებლად არ მივიჩნევ. თუმცა ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ საქართველოში არის პრობლემები…
ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოსავლელ პარტნიორებს შორის მოწინავე იყო, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში შეანელა დემოკრატიული რეფორმები. მე მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც გამოფხიზლების ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობა, რომელიც ასე საჭიროა საქართველოში”, – განაცხადა კალიურანდმა.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მიმართ “იმედგაცრუება” გამოხატა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმაც.
“გლობალური მედია თავისუფლების მხრივ საქართველოს ინდექსმა ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიწია. მტკიცე სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც გასულ წელს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან გამოხატულმა ძალადობამაც აჩვენა, რომელიც მიმართული იყო “ღირსების მარშის” მონაწილეთა და ამ ღონისძიების გამშუქებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ბოლო პერიოდში კი ეს გამოიხატა კარგად ცნობილი მედიაპერსონისთვის, ბატონი გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებაში, საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მხრივ ბოლოდროინდელი “უარყოფითი ცვლილებებით” ყველა “ლეგიტიმურადაა შეშფოთებული”. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქცევა კი “გულწრფელად იმედგამაცრუებელია”.
“ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში უნდა გვქონდეს უფრო გადამწყვეტი და მომთხოვნი პოზიცია ქართველ მმართველებთან კომუნიკაციაში, რათა მართლა ესმოდეთ, რომ სწორედ მათ უნდა მიიტანონ ქართველ ხალხთან ევროპული მისწრაფებები”, – აღნიშნა მიქსერმა.
მისი თქმით, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკის ცვლილება დაფუძნებული უნდა იყოს კარგად გააზრებულ სტრატეგიაზე და არა “იმედგაცრუებასა და ემოციებზე”.
“ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჩვენგანს, ფრთხილად გააანალიზონ პოტენციური შედეგები და დაგეგმონ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რომ ჩვენი კეთილი ზრახვებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებას ან ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“, – თქვა მან.
„ქართულ ოცნება” ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) დამკვირვებელი წევრია, რომელიც ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსშია (S&D) წარმოდგენილი.
8 ივნისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განიხილეს რეზოლუცია მედიის უფლებების დარღვევაზე. ევროპარლამენტარებმა გააკრიტიკეს საქართველოში არსებული მედიაგარემო. გამომსვლელების უმეტესობამ კი ხაზი გაუსვა ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ არსებულ ძალადობრივ გარემოს და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ არაეფექტურ მუშაობას.
ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, 1 მარტს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.ამის ნაცვლად, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განიხილა რეზოლუცია მედიის უფლებების დარღვევაზე, რომელსაც 9 ივნისს ეყრება კენჭი. განხილვისას რეზოლუციის ტექსტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებების შევიდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაში გამოეხმაურა ინიცირებულ რეზოლუციას და თქვა, რომ „მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.