საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისიის შეფასება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
კარლ ჰარცელის თქმით, ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება დისკუსია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ვიდრე საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.
“თავს შევიკავებ სპეკულაციებისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით – იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები თუ მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე – ერთი პრინციპული დასკვნა უცვლელი იქნება საქართველოსთვის – დროა, საქმეს შეუდგეს. ეს საქმე იქნება დაეწიოს მატარებელს, რომელიც ბაქანიდან გადის და დარწმუნდეს, რომ აღებული მატარებლის ბილეთი შემდეგ სადგურზე მიგიყვანთ”,- განაცხადა ჰარცელმა კონფერენციაზე: „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
ჰარცელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაძლიონ პოლარიზაცია ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს ეძახონ მონები, მოღალატეები, პუტინისტები და ა.შ.
“ახლა არ არის დრო დაბრალებების, დროა გრძელვადიანი პროცესისთვის მოსამზადებლად”,- განაცხადა ჰარცელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა მოკლევადიანი პროცესი არცერთ შემთხვევაში არ იქნება და ყველა ახალ წევრს მოეთხოვება იმ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, რაცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თანასწორობა.
მისი თქმით, საქართველომ წლების განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების კუთხით, თუმცა შეიძლებოდა, უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირში მზარდია შეშფოთება ქვეყნის ტრაექტორიით. ამ კონტექსტში მან აღნიშნა რეფორმების ტემპის შენელება, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს მიუძღვის წვლილი და კოვიდ პანდემია.
“ბოლო თვეების მოვლენებმა ასევე აღძრა კითხვები, სად მიემართება საქართველო”, – განაცხადა ჰარცელმა.
ელჩის თქმით, ევროკავშირის საჯარო გამოხმაურებები ცნობილია და ეხება კითხვებს დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების პატივისცემის მიმართულებით.
“საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონის საუკეთესო რეფორმების სტატუსი”, – დასძინა კარლ ჰარცელმა.