ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მათ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. ამის შესახებ ე.წ. უშიშროების კომიტეტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის პატრიოტებს, რათა მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
საქართველოში არსებულ აშშ-ის ბიოლოგიური ან ნებისმიერი სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ, რომელიც ინახება ან გამოიყენება საქართველოში;
ლუგარის ცენტრის მიერ საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ დივერსიული აქტების ჩატარების შესახებ, რომელიც როგორც მოქალაქეების, ასევე სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ არის მიმართული.
აშშ-ის და ნატოს სპეციალისტების მიერ საქართველოში ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვების შესახებ;
თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული ინფორმაცია, მიმართეთ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს. თქვენი კონფიდენციალურობა გარანტირებულია“, – წერია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
განცხადებას თან ერთვის მობილური ტელეფონების და ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელია მსგავსი ინფორმაციის მიწოდება.