ავტორი: ლევან ცუცქირიძე
ბოლო წლებში საქართველოში „კონსერვატიზმის“ უცნაური სახეობა გაჩნდა. ის ცდილობს საკუთარი თავი ტრადიციული, ეროვნული იდენტობის და ქართული სახელმწიფოს უალტერნატივო დამცველად წარმოაჩინოს, რომელიც ლიბერალიზმის, ევროკავშირის და გლობალიზაციის სამთავიანი ურჩხულის წინააღმდეგ რაინდული შემართებით იბრძვის. ასეთი ჯგუფები რამდენიმეა, მაგრამ მათი მთავარი სათქმელი, თუკი მოკლედ შევაჯამებთ, ასეთია:
- ლიბერალური დემოკრატია საშიშია;
- ევროკავშირი და ნატო ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გვიქადის;
- გლობალიზაცია სახიფათოა.
რატომ დავწერე „უცნაური?“ იმიტომ, რომ სინამდვილეში ნამდვილ, ტრადიციულ კონსერვატიზმს არაფერი აქვს საერთო ამ სამ არგუმენტთან და ამიტომ არც ამ ჯგუფებს ეკუთვნით კონსერვატიზმისა თუ ქრისტიანული დემოკრატიის კეთილშობილი სახელით რეკლამა. მოკლედ ავხსნი, თუ რატომ.
„ლიბერალური დემოკრატია საშიშია“
ასეთ „კონსერვატორებს“ პარადოქსულად მოეჩვენებათ, მაგრამ კონსერვატიზმი შეუძლებლია ლიბერალიზმის გარეშე. რას ნიშნავს ლიბერალური დემოკრატია? მოკლედ რომ ვთქვათ, ის არის მმართველობის სისტემა, სადაც:
- დაცულია კერძო საკუთრება;
- დაცულია კანონის უზენაესობა და არსებობს მთავრობის ანგარიშვალდებულება;
- ძალაუფლება არის არა კონცენტრირებული, არამედ დაბალანსებული;
- მმართველობა ეფუძნება დემოკრატიულ კონსტიტუციას;
- დაცულია ადამიანისა და უმცირესობათა უფლებები.
აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ნამდვილი კონსერვატიზმი ლიბერალურ დემოკრატიას მტრულად აღიქვამდეს, ვინაიდან მისი ფოკუსი თავისუფლებაზე, შეზღუდულ მმართველობაზე, კერძო საკუთრებაზე, კანონის უზენაესობაზე, მთავრობის ანგარიშვალდებულებაზე და დემოკრატიაზე სწორედაც რომ ლიბერალიზმის ფუძემდებელი პრინციპებიდან მოდის. ჩვენებურ „კონსერვატორებს“ მთავარი პრობლემა უფრო მეტად ადამიანის/უმცირესობათა გარანტირებულ უფლებებთან აქვთ, მაგრამ აქაც, ისევე როგორც სხვა საკითხებში, პრობლემა ხელოვნურია და რეალური მიზანი არის არა პრინციპულ საკითხებში გარკვევა, არამედ საზოგადოების გადამტერება ისეთ პოლიტიკური თუ უმცირესობების (მაგალითად, ლგბტქ) ჯგუფებზე, რომლებიც ისედაც ზეწოლის ქვეშ არიან.
თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპი, სადაც არც ერთ უმრავლესობას არ შეუძლია უმცირესობისათვის პოლიტიკური თუ სხვა უფლებების წართმევა, სწორედაც იმას უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ ასეთ ქვეყნებში არსებობს პოლიტიკური მრავალფეროვნება: ანუ კონსერვატიული, ლიბერალური, სოციალისტური და სხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები. ლიბერალური დემოკრატია რომ არ არსებობდეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, პირობითად, ლეიბორისტებს კონსერვატორები გაენადგურებინათ ან პირიქით. სწორედ ეს გააკეთეს უმრავლესობაში მყოფმა კომუნისტებმა საბჭოთა კავშირში და ამას აგრძელებს პუტინი ყველგან, სადაც შეუძლია. მაგალითად, განსხვავება ლიბერალურ-დემოკრატიულ ბრიტანეთსა და რუსულ დიქტატურას შორის კი, ვფიქრობ, ნათელია.
კიდევ ერთი რიტორიკული ხერხი, რასაც ასეთი „კონსერვატორები“ ნებით თუ უნებლიეთ (უფრო უკანასკნელი) იყენებენ ისაა, რომ ისინი ერთმანეთისგან არ მიჯნავენ ლიბერალიზმს, როგორც პარტიულ იდეოლოგიას და ლიბერალურ დემოკრატიას. ასე გაგებულ ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, მაგრამ ეს ისინი არასოდეს აყენებს ეჭვის ქვეშ ლიბერალური დემოკრატიის არსებობის აუცილებლობას, ან მის უპირატესობას მმართველობის სხვა ფორმებთან, იქნება ეს ავტორიტარიზმი, დიქტატურა თუ რაიმე სხვა ჰიბრიდი.
“ევროკავშირი და ნატო ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ნიშნავს“
ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე. ეს არგუმენტი, სხვა მრავლის მსგავსად, ასევე ხელოვნური და უშინაარსოა. მოდით, ვიკითხოთ, შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს დაასახელონ ერთი ერი/სახელმწიფო, რომელმაც ევროკავშირსა თუ ნატოში შესვლის შემდეგ დაკარგა ენა, სახელმწიფო ინსტიტუტები ან საკუთარი იდენტობა? ალბათ ასეთების მოძებნა ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით კი თვითონ ევროკავშირში: იტალიური, ფრანგული, ესპანური თუ გერმანული ოჯახები ისე ძლიერია ევროკავშირში, როგორც არასდროს; მრავალი მცირე ენა ევროკავშირის კანონმდებლობისა და ფონდების დიდი დახმარებით სარგებლობს, რათა გადარჩეს და განვითარდეს; ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება კი ბევრი ქვეყნისათვის ფიზიკურ გადარჩენასაც ნიშნავდა თავის დროზე. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ევროკავშირის რუკას დავხედოთ და ვიკითხოთ, თუ კიდევ სად, მსოფლიოს რომელ რეგიონში ან კონტინენტზე შეიძლება ვიხილოთ ისეთი მცირე ზომის, მაგრამ ძლიერი და მდიდარი სახელმწიფოები (და შესაბამისად მოქალაქეები და მათი ოჯახები), როგორებიცაა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია ან ჰოლანდია? ასეთი გამონაკლისი სწორედ ევროკავშირია.
ასეთი ფსევდო კონსერვატორები, ევროკავშირს ლიბერალურ „ურჩხულად“ წარმოგვიჩენენ მაგრამ ის ალბათ არც კი იციან, რომ სწორედაც ევროპის მთავარი კონსერვატორები იყვნენ ამ გაერთიანების მთავარი შემოქმედები: ამისათვის მხოლოდ კონრად ადენაუერის, რობერტ შუმანის და ჟან მონეს დასახელებაც კი საკმარისია. ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი კონსერვატორი: უინსტონ ჩერჩილი თავიდანვე „ევროპის გაერთიანებული შტატების“ იდეას უჭერდა მხარს. თვითონ შარლ დე გოლი კი, რომელიც თავდაპირველად ევროპის გაერთიანების ყველაზე დიდ სკეპტიკოსთა რიგებში იყო, მალე დარწმუნდა, რომ საფრანგეთისათვის ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობისაკენ შემობრუნება უკეთესი ალტერნატივა იყო, ვიდრე ეფემერული მიუმხრობლობისა და შეუძლებელი ნეიტრალიტეტის ძიება (ატომური არსენალის მიუხედავადაც კი).
“გლობალიზაცია სახიფათოა“
„საფრთხეების“ მესამე ჯგუფი, რაც უფრო საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს და სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების ზრდას უკავშირდება, მოკლედ გლობალიზაციის სახელით მოიხსენიება ხოლმე. ხშირად გვესმის, რომ გლობალიზაციაში საქართველო გაიჭყლიტება და რომ ის დაკარგავს ეროვნულ მეურნეობას, ეროვნულ კაპიტალს თუ ეროვნულ თვითმყოფადობას.
ალბათ, თვითონ ამ მოსაზრების მომხრეებსაც კი გაუჭირდებათ თქვან, რომ ნიკო ნიკოლაძე საქართველოს გამორჩეული პატრიოტი არ იყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი, ისევე როგორც ექვთიმე თაყაიშვილი და სპირიდონ კედია პრინციპში თანამედროვე კონსერვატიზმთან ახლოს მდგომი მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. ეს პარტია კი, თავის მხრივ, ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულების, სწორედაც რომ ლიბერალური წყაროდან საზრდოობდა (კიდევ ერთი პარადოქსი მათთვის). ანუ იმ ხალხისა, „ლიბერალობა“ რომ სალანძღავ სიტყვად არ გაეხადათ. ნიკო ნიკოლაძის მოქმედების მთავარი ამოცანა სწორედაც ის იყო, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილად ექცია. ამას ემსახურებოდა მისი დიდებული ინფრასტრუქტურული პროგრამები საქართველოში, ფოთი-თბილისის რკინიგზა და თავად ფოთის პორტის მშენებლობა. ბუნებრივია, პორტი და რკინიგზა იმისათვის არ შენდებოდა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სავაჭრო სისტემას გამოეთიშა ქიმერული „გლობალიზაციის“ ან თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით, სულაც პირიქით.
თანამედროვე გლობალიზაციის მიმართულებას ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ლიბერალური მსოფლიო წესრიგი განსაზღვრავს, რომელიც მიუხედავად მისი ნაკლოვანებისა, მაინც წესებსა და ნორმებზე დაფუძნებულ სისტემად რჩება. მხოლოდ ასეთ სისტემაში აქვთ მცირე სახელმწიფოებს გადარჩენისა და განვითარების შანსი, რომელთაც სხვაგვარად არც სამხედრო, არც ტერიტორიული, არც ბუნებრივი/ეკონომიკური და არც რიცხობრივი შესაძლებლობა არ აქვთ დამოუკიდებელი, ავტონომიური განვითარებისთვის. ასეთი რამ არათუ მცირე, არამედ დიდი ქვეყნისთვისაც კი შეუძლებელია. ამის საუკეთესო მაგალითი დღევანდელი რუსეთის ეკონომიკაა – გლობალიზაციიდან „გამორთვის“ სულ რაღაც თვეზე ნაკლებ დროში.
ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ეს ანტი-გლობალისტური პროპაგანდისტული არგუმენტიც სინამდვილეში იმას კი არ ემსახურება, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების უკეთესი გზა გაუხსნას, არამედ პირიქით: იმას, რომ განვითარების ნამდვილს, პრაქტიკულ შესაძლებლობებს ჩამოაცილოს და კიდევ უფრო მეტად დაქვემდებარებული გახადოს სხვებზე.
ამიტომაც არის, რომ ამ ჩვენს თანამედროვე, ვითომ კონსერვატორებს არაფერი აქვთ რეალურად საერთო ქრისტიანულ-დემოკრატიასთან, რაც კონსერვატიზმის მორალური და ეთიკური საფუძველია. ადამიანის, პიროვნების თავისუფლება, თანამშრომლობა, შეუძლებლობა დაჩაგრო სხვა – აი, ეს არის ნამდვილი კონსერვატიზმის საფუძვლები და არა ის, რაც ალტ-ინფოს, ერის, კონსერვატიული მოძრაობის, ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის თუ სხვების მხრიდან გვესმის.
ანტიდემოკრატიულ ვირუსთან გამკლავება სულაც არ არის რთული ან მით უმეტეს შეუძლებელი: საჭიროა რაციონალური აზრისა და ისტორიის ვაქცინის სულ მცირე დოზის მიღება, რომ ამ ვითომ პატრიოტული, თითქოს ქრისტიანული, ფსევდო-ტრადიციული პოლიტიკური იდეების მიმართ ჩვენი იმუნიტეტი სწრაფად გაუმჯობესდეს.
ლევან ცუცქირიძე არის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.