უკრაინის უშიშოების სამსახური მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. როგორც განმარტებულია, ერთ–ერთი რუსი სამხედრო ტელეფონით ესაუბრება თანამებრძოლს და იმ პირობების შესახებ უამბობს, რომელშიც მის ბატალიონს უწევს ყოფნა.
ჩანაწერის მიხედვით, თანამოსაუბრეები თანხმდებიან, რომ მდგომარეობა უარესია, ვიდრე ეს ჩეჩნეთის ომის დროს იყო.
როგორც ჩანაწერიდან ჩანს, სამხედრო, რომელიც კოლეგას შექმნილი ვითარების შესახებ უამბობს, ნიკოლაევთან იმყოფება და მისი დანაყოფი ალყაშია მოქცეული:
„აქ სრული ბარდაგია… გრადები აამუშავეს, ვკითხულობთ, „ჩვენები არიან?“, პასუხის გაცემა არავის შეუძლია. ჩვენი შემადგენლობა დარჩა, მეორე წავიდა, და ისინი გრადებით „დაფარეს“.
ჩანაწერში რუსი სამხედრო ამბობს, რომ კიდურების მოყინვის პრობლემა პირადი შემადგენლობის 5–10%–ს აქვს, მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა კი ვერ ხერხდება.
„აქ 200 კაცის ნორმალურად გამოგზავნაც ვერ შეძლეს. თოვლია. მოვდიოდით იმ პირობით, რომ გვექნებოდა 4 კარავი და ერთი გვაქვს. ორმოებში ვცხოვრობთ ნიკოლაევთან“.
როგორც სამხედრო იხსენებს, ომის მე-4 დღეს გენერალი მათ დაჰპირდა, რომ „სპეცოპერაცია“ რამდენიმე საათში დაასრულებდა, თუმცა ომი კვლავ გრძელდება.
„ბიჭები მივიდნენ გენერალთან, რომელთაც ჯავშანჟილეტები არ ჰქონდათ და ჩააყენეს საქმის კურსში, ის კი პასუხობს, „შვილო, გამაგრდიო“. აქ ისეთი ბარდაგია, ჩვენივე თვითმფრინავი გვბომბავს. ეს სპეცოპერაცია, თითქოს სახლები არ უნდა დავანგრიოთ, ბოდვაა!“,– ამბობს სამხედრო, თანამოსაუბრე კი, რომელიც ასევე უკმაყოფილო ჩანს ვითარებით შენიშნავს: „ვიდრე მიწასთან არ გაასწორებენ ყველაფერს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, არაფერი იქნება“.
სამხედრო აგრძელებს, „ტელევიზორში ამბობენ, თითქოს დავწინაურდით, კი, უბრალოდ გავიარეთ, დასახლება არ გაგვიწმენდია და ახლა გამოდის, რომ ალყაში ვართ“.
„არადა გვპირდებოდნენ, რომ ზეიმით გავივლიდით“,– ამბობს თანამოსაუბრე.
„კი. ნიკოლაევს ავიღებთო. ნიკოლაევი ჯერ კიდევ დგას“,– დასძენს სამხედრო.