თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს.
შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული. „საბადურის ტყე“ თბილისის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო სივრცეა როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში.
10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სწორედ „საბადურის ტყის“ მიმდებარედ, შპს „საბადური ვილაჯეს“ 40-წლიანი განკარგვის უფლებით, აღნაგობის წესით 2019 წელს გადასცეს.
საბადურის ტყე ზამთარში
„საბადური ვილაჯე“ სერგო ორაგველიძემ 2019 წლის ივნისში დააფუძნა. 13 ივნისს კი კომპანიამ, უკონკურენტო გარემოში, ერთი ბიჯით მოიგო აუქციონი, რომლის საფუძველზეც ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.
2019 წლის მონაცმებით, როდესაც თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 10 ჰექტარი გაასხვისეს, ვიზიტორთა რაოდენობით ის საქართველოში მეოთხე ადგილზე იყო.
კომპანიის დაფუძნებიდან 2 თვეში „საბადური ვილაჯეს“ მართვა თინათინ თინიკაშვილს ჩააბარეს. დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შპს „საბადური ვილაჯეს“ დირექტორად დანიშვნამდე მას არც ტურიზმის სექტორში და არც სხვა რომელიმე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. თინათინ თინიკაშვილი წლების განმავლობაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა. დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თინათინ თინიკაშვილის ხელფასი კომპანიაში თვეში 4500 ლარია. უნივერსიტეტში მუშაობის ბოლო წელს კი მთელი წლის განმავლობაში 2494 ლარი გამოიმუშავა.
სემეკის თავმჯდომარის მეუღლე შპს „საბადური ვილაჯეს“ დირექტორად კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის აგვისტოში დანიშნა. ორი თვით ადრე კი კომპანიამ დაცული ტერიტორიის სააგენტოს მირ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ, რომელსაც დავით ნარმანიას მეუღლე ხელმძღვანელობს, გადაცემულ ნაკვეთზე 4 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, თუმცა ამ დრომდე არ შეუსრულებია.
„საბადური ვილაჯეს“ გადაცემულ ტერიტორიაზე ევალებოდა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის თავსებადი ინფრატრუქტურის მოწყობა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას უნდა მოეწყო ღამის გასათევი კოტეჯები, საკონფერენციო სივრცე, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ვიზიტორთა ცენტრი, საჯინიბო – ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონები, სხვა დამხმარე ნაგებობები.
ეს ყველაფერი კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინა. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აღნაგობის საფასურის სახით ყოველწლიურად 160 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფომაციით, შპს „საბადური ვილაჯეს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2021 წლის 28 ივნისს ამოეწურა. კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო.
„შპს „საბადური ვილაჯეს“ წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მათი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული გარანტია 2023 წლის 1 ნოემბრამდეა აქტიური“, – გვაცნობეს სააგენტოდან.
აუქციონის პირობებების მიხედვით, „საბადური ვილაჯეს“ საინვესტიციო თანხის სახით გადახდილი აქვს 400 000 ლარი, ანუ საინვესტიციო თანხის 10 პროცენტი.