დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ის საკითხები განიხილა, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მმართველი გუნდის პრიორიტეტი იქნება.
დეგნანის თქმით, მოხარულია, რომ უმრავლესობის პრიორიტეტებში იქნება: სასამართლოს რეფორმა, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და ასევე, მუშაობა დემოკრატიის გაძლიერებაზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ჯო ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის საკითხი და რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება.
როგორც დეგნანი ამბობს, ახლა საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მომენტია იმ კუთხით, რომ დაიცვან ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც 30 წელზე მეტია ევროპის უსაფრთხოება დგას.
‘განვიხილეთ მომავალი საპარლამენტო სესიის დროს მმართველი პარტიის პრიორიტეტები. მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ დღის წესრიგი ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვიტყოდი, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ მუშაობაში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე როგორც საგარეო კუთხით საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე, საშინაო გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ბევრი სოციალური საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.