სამხედრო დანაშაული დაისჯება | ცხინვალი საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა.

“9 დეკემბერს ლენინგორის [ახალგორის] რაიონის სოფელ გდულეთის მიდამოებში მესაზღვერებმა დააკავეს გორში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე კახაბერ ნათაძე და ვლადიმერ კანიაშვილი. პირადი დათვალიერებით, ერთ მათგანს დაახლოებით ერთი გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” აღმოაჩნდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოფიციალური ცნობითვე, 15 დეკემბერს დაკავებულების მიმართ საქმეები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [“საზღვრის უკანონო კვეთა” და “ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდა”] აღიძრა.

აღნიშნულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი კიდევ ერთ დაკავებულზე, ყოფილ სამხედრო პირზე, მამუკა ჩხიკვაძეზე,თუმცა ცხინვალის უშიშროების სამსახურის განცხადებაში წერია:

“იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბძროლო მოქმედებებში ნაციონალისტურ და ტერიტორისტული ორგანიზაციების შემადგენელობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი”.

მამუკა ჩხიკვაძე რუსმა სამხედროებმა სოფელ ზემო ნიქოზთან 11 დეკემბერს დააკავეს.

„ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს“ — ქაცარავა ხელისუფლებისგან ინფორმაციას ითხოვს და აქციებს აანონსებს

 

სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა ბერკეტი, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ადგილზე ჩასული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და “ჩართულია ყველა პარტნიორი, ვისი ჩართვაც შეიძლება ამ მიმართულებით”.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებს ჩხიკვაძის დაკავების დღიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ მის ოჯახის წევრებთან, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი.

“ცხელი ხაზის” გააქტიურებას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია და კვლავ აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი”, – აცხადებს სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი სიახლეები