რა გავლენა აქვს თურუქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. რა გავლენას ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე, მოსალოდნელია, თუ არა ქართული ლარის გაუფასურება, თურქეთიდან გადმორიცხვების ან ქართული ექსპორტის შემცირება, ასევე, რა პრობლემები შეუქმნა ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციამ იმ ქართველებს, რომლებიც სეზონურად, ან მუდმივად თურქეთში ცხოვრობენ და მუშაობენ.

ინფლაციამ გამანადგურა – თურქეთში დასაქმებული ქართველი

„აისახა არა, გამანადგურა. ადრე ნორმალურ თანხას ვიღებდი, ახლა სადღაც 200 დოლარიც აღარ გამოვა [ხელფასი], ეს თანხა ჩემს ვალსაც აღარ ეყოფა, სახლი ბანკში მაქვს, ალბათ, სახლიც დამეკარგება“, – უთხრა ნეტგაზეთს მარიტა ცივაძემ, რომელიც თურქეთში ოჯახში დამხმარედ მუშაობს.

თურქეთში დასაქმებული ქართველები ხელფასს ლირაში იღებენ, შემდეგ ახურდავებენ დოლარში/ ლარში. თუ ლირა გაუფასურდება, თვის ბოლოს მათი შემოსავალი სხვა ვალუტებში შემცირდება.

მარიტა ცივაძე წლებია თურქეთში პერიოდულად სამუშაოდ ჩადის ხოლმე. 1 წელი საქართველოში იყო, თურქეთში ახლახანს ჩავიდა და გაუხარდა, როდესაც ისეთი სამსახურის მოძიება შეძლო, სადაც მძიმეების აწევა არ ევალებოდა, თუმცა ვალუტის დევალვაციამ მისი მდგომაარეობა დაამძიმა. მისი განცხადებით, ლირის გაუფასურებამდე, თურქეთში მუშაობით საკმარისი თანხის გამომუშავება შეეძლო.

„შარშან, (როცა ლირა შედარებით სტაბილური იყო) ოჯახსაც რჩებოდა გარკვეული თანხა, ბანკის ვალსაც თავისუფლად ვიხდიდი და მეც ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფას ვახერხებდი“, – აცხადებს იგი.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც თურქეთში მუშაობენ, მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

„სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს თურქეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს და ვეხმიანებით ერთმანეთს. რა პრობლემაც მე შემექმნა-ვალი, ბანკი, კრედიტი, საჭმელი, იმავენაირადაა მათთვისაც.

წინა თვეში გავაგზავნე [საქართველოში] და ძლივს გამოვიდა 300 დოლარი. ოჯახს არაფერი დარჩა, იმიტომ, რომ ჩვენთან(საქართველოში) დოლარიც დაწეულა, თურქეთის მოქალაქეებს პენსიები აქვთ, ჩვენი მთავრობა ასე არაა, აქ ხელფასს უმატებენ ახლა და ჩვენ ვიკითხოთ – გაჭირვებულმა ქართველებმა.

ყოველი შემთხვევისთვის, მე თანხა არ მრჩება – აქაც რომ გული გაიხაროს ადამიანმა, ნაწვალებმა, ვირივით ნამუშევარმა.

ვლოცულობ, რომ ბანკს ეყოს, მაგრამ ამ თვეში რომ გავაგზავნი, ბანკს არ ეყოფა, 1400 ლირა 100 დოლარია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა“, – აცხადებს მარიტა ცივაძე.

ვალუტის გაუფასურება და მაღალი ინფლაცია

ბოლო კვირების განმავლობაში, უცხოურ ვალუტებთან მიმართებით თურქული ლირა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. ამჟამად, თურქეთის ცენტრალური ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13.77-13.79 ლირას შეადგენს.

სტატიის გამოქვეყნების მომენტში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარი დაახლოებით 13.71 ლირა ღირს, შარშანდელ ანალოგიურ მონაცემთან შედარებით თითქმის 56 პროცენტითაა გაზრდილი. შარშან 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 7.80 ლირა იყო.

თურქული ლირის გაუფასურება ბოლო ერთი წლის განმავლობაში/Bloomberg

თურქეთის ცენტრალური ბანკი ვალუტის გაუფასურების შეჩერებას საფინანსო ინტერვენციებით ცდილობს.

გარდა ლირის გაუფასურებისა, ქვეყანაში მაღალია ინფლაციის დონეც. ნოემბრის თვეში თურქეთში ინფლაციის 3-წლიანი მაქსიმუმი 21.3 პროცენტი დაფიქსირდა, თუმცა თურქული ოპოზიციისა და მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ოფიციალური მონაცემები მანიპულაციის შედეგადაა მიღებული და რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

„ინფლაციის კვლევის ჯგუფის“ მონაცემების მიხედვით, რომელიც დამოუკიდებელი თურქული ორგანიზაციაა, ქვეყანაში ნოემბრის თვის მონაცემებით, 58.65-პროცენტიანი ინფლაცია იყო, რაც სამთავრობო მონაცემებს თითქმის 2.8-ჯერ აღემატება.

2019 წლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი პრეზიდენტი გადააყენა, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრიც, თუმცა ლირა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს.

გაუფასურების მიზეზი

ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ დაიფ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის, იგივე მონეტარული პოლიტიკის 16 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი უცხოური ბანკებისა და ე.წ. „საპროცენტო მაფიის“, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა, ოპონენტებისა და ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, თუმცა, თურქეთის შემთხვევაში, პირიქით მოხდა და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, რამაც ოპონენტების განცხადებით, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა ვალუტას და ინფლაციას.

თურქეთის მკვლევრის სანდრო ბაკურაძის განცხადებით, ერდოღანი წარსულში მის მიერვე ნაცადი რიტორიკის გამოყენებას ცდილობს, რომ თურქეთი ამჟამად ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ომს აწარმოებს და საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

მისი განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც მოსახლეობის რეალური მოთხოვნაცაა, ერდოღანს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების საშუალებად ესახება.

„ერდოღანის ეკონომიკურ პოლიტიკაში, საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლა ისლამური საფარველითაა გამოხატული, რომლის მიხედვითაც, მევახშეობას რელიგია კრძალავს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკა ვერ ახერხებს რეალურად ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ეს იმის ნიშანია, რომ ედროღანს შეზღუდული აქვს შესაძლო პოლიტიკური სვლების შესაძლებლობა და ეს საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენის ერთ-ერთი ბოლო გზაა“, – განაცხადა სანდრო ბაკურაძემ.

ერდოღანმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კვლავ გააგრძელებს.

გავლენა ქართულ ეკონომიკაზე

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში, თურქეთიდან 1 მილიარდ 418 509.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 17.8 პროცენტია. ამ მონაცემით თურქეთი ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს.

იმავე პერიოდში ჩინეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, თურქეთი მეოთხე ქვეყანაა, ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების კუთხით. 2021 წლის პირველ 10 თვეში თურქეთზე მოდის ქართული ექსპორტის 7.7 პროცენტი, რაც 260 098.5 მილიონი აშშ დოლარია.

თურქეთში სეზონურად ან მუდმივად დასაქმებულია საქართველოს ათასობით მოქალაქეც.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში, თურქეთიდან საქართველოში 8.6 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც 15.11 პროცენტით ნაკლებია სექტემბრის თვის მონაცემზე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავას განცხადებით, თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული გავლენა ქართულ ლარზე, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

„შესაძლებელია, რომ გარკვეული წნეხი ქართულ ლარზე შექმნას, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ეს გავლენა ძალიან ძლიერი ვერ იქნება“, – აცხადებს დავით კეშელავა თურქული ლირის გაუფასურებისა და ინფლაციის მაღალი დონის ქართულ ეკონომიკაზე შესაძლო გავლენის შესახებ საუბრისას.

დავით კეშელავას განცხადებით, თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ქართულ ლარზე გავლენა ორი ძირითადი არხის მეშვეობით აქვს.

„პირველი არხია, როდესაც პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უფასურდება, მისი პროდუქტი ფასის გამო უფრო კონკურენტული ხდება შენს ბაზარზე, შესაბამისად მოთხოვნა იზრდება ამ პროდუქტზე და ამ ქვეყნიდან იმპორტი უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს არგუმენტი მუშაობს მაშინ, როდესაც თურქული პროდუქციის მთავარი კონკურენტი ადგილობრივი წარმოებაა, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი წარმოება ნაკლებად კონკურენტულია თურქულთან შედარებით. კი, ნომინალურად უფასურდება თურქული ლირა, მაგრამ თურქეთში ინფლაციაც მაღალია, ამიტომ თურქული პროდუქცია არ გაიაფდება, ამ არხით დიდი გავლენა არ ექნება.

მეორეა შემცირებული ეკონომიკური აქტივობა თურქეთში. თუ ეკონომიკური აქტივობა შემცირდა თურქეთში, ქართულ ექსპორტზე მოთხოვნა შემცირდება, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება ლარზე“, – აცხადებს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

კეშელავას განცხადებით, თურქეთიდან გადმორიცხვების შემცირების ძირითადად რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ლირის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობების შემცირებაა, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის როგორც სამუშაო მიგრაციის დანიშნულების ქვეყნის სხვა ევროპული ქვეყნებით ჩანაცვლების ტენდენცია და ასევე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ის, რომ თურქეთისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, სხვა ქვეყნებიდან პირდაპირი გადმორიცხვები ხორციელდება, ნაცვლად საზღვარზე ნაღდი ფულის შემოტანისა.


ავტორები:

ზურა მენააღარიშვილი/ნეტგაზეთი

ანა შენგელია/”ბათუმელები”.

მსგავსი სიახლეები