საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მათ კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ყურადღება გაამახვილეს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე. მათი თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით საჭიროა ძირეული ცვლილებები. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, ასევე მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ საკითხებზე საუბრისას აღინიშნა, რომ სააკაშვილის უფლებები დაირღვა, როცა ის მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად გადაიყვანეს გლდანის ციხესთან არსებულ საავადმყოფოში.
როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, აუცილებელია, სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო პროფილის კლინიკაში, სადაც მოხდება მისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდება და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება.