ოპოზიციის მხარდამჭერები ბათუმიდან აქციაზე გაემგზავრნენ. თბილისში გამგზავრების კადრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. გიორგი კირთაძის თქმით, დაახლოებით 5000 ადამიანი 300-ზე მეტი მიკროავტობისით გაემგზავრა თბილისში. „ორგანიზებისთვის დავნომრეთ მანქანები“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
დღეს, 8 ნოემბერს, 8 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა, თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ. კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით – ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით“.