სიგნალია, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონით – ჰოჯესი ოსტინის ვიზიტზე

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის ჩამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შავი ზღვის მიმართ აშშ-ს ინტერესის ნიშანია.

“ეს შესანიშნავი ახალი ამბავია, თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის მკაფიო სიგნალი, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ”, – წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.

პენტაგონი აცხადებს, რომ ოსტინი ქვეყნის ლიდერებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აპირებს საუბარს. ოსტინი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა.

ის შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

მსგავსი სიახლეები