ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

კახა კალაძე – სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ნაგვის ურნებთან – რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო – ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რასაც შესაბამისი რეაგირება  მოჰყვება

 

„ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძე გუშინ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით.

თბილისის მერმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში წუხელ პირადად მიიღო მონაწილეობა.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გაფიცვა გადაწყვიტა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, – განაცხადა კახა კალაძე და ხელფასების საკითხზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, გასულ წელს ხელფასების 20%-იანი მატება იყო.

„არავინ ამბობს იმას, რომ ეს საკმარისია და იმდენია, რაც ადამიანს შეიძლება აკმაყოფილებდეს, მაგრამ 20%-იანი მატება მოვახდინეთ, მიუხედავად რთული ვითარებისა, პანდემიისა და მიეცათ დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში დავუბრუნდებოდით ამ საკითხს“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა ტექნიკაზე და განაცხადა, რომ ტყუილი ითქვა, თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკის შეძენა არ მომხდარა.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია, 2 წლის წინ ახალი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტია საჭირო, შესყიდვა უკვე განხორციელებული გვაქვს და უახლოეს მომავლაში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რომ დასუფთავების სამუშაოები ნორმალურად წარიმართოს“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პრეტენზიებზე რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და გამარჯვებული კომპანია არის და თანამშრომლებს სექტემბრის დასაწყისში ახალი ფორმები ექნებათ.

„გახარებული არიან ადამიანები, რომლებიც ვიდოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძირებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს ყველაფერი. ერთი რამ იცოდეს ყველამ, მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ იმასაც გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრი ვართ, ბევრი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და დაუდგება თბილისელებს გვერდით. პირადად მე, ჩემი თანამშრომლები მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ქალაქს ვემსახუროთ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში.

ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი იყოს იყოს ყველაზე სუფთა ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენს ოპონენტს არ მოსწონს. მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენ გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.

კახა კალაძე არასდროს უთქვამს, თითქოს მე ვარ უკმაყოფილო „თბილსერვისის“ თანამშრომლებით და მათი გაკეთებული საქმე არ მომწონს. ეს არის დიდი ტყუილი, მიზანმიმართული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ გავრცელებული, ვინც „აბუნტებდა“ ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მრავალი შეტყობინება მიიღო, სადაც დახმარებას სთავაზობდნენ. „ახალგაზრდები გამოთქვამენ მზადყოფნას, გვერდში დაგვიდგნენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული და არავის მივცემთ საშუალებას, სელფები და ვიდეოები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან. მინდა იცოდეს ყველამ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

მსგავსი სიახლეები