მიმართვა აშშ–ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას, პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა თხოვნით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე.

ჩვენს მიერ, დეტალურად იქნა შესწავლილი 2021 წლის 05 ივლისს განვითარებული მოვლენები და მისი შემდგომი პროცესები. კერძოდ, მოძალადე და ჰომოფობიურ ჯგუფებთან დაკავშირებული რიგი გარემოებები, მათ შორის მათი ორგანიზატორების, მათთან დაკავშირებული დაინტერესებული პირების და მაღალჩინოსნების ირგვლივ გამოვლენილი მოცემულობა. გასული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვიკვლევდით და ვაკვირდებოდით მომხდარს, მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, სახელისუფლებო ძალების მხრიდან არსებულ ქმედებებს და მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს.

საკითხის შესწავლის პროცესში ჩვენს მიერ გამოვლენილი იქნა არაერთი კანონდარღვევა, უსამართლობის ფაქტობრივი წარმოჩინება, ადამიანის უფლებების დარღვევა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პროტესტის გამოხატვის აღკვეთა, დემოკრატიული ფასეულობების გათელვა და საბოლოო ჯამში უკეთესი მომავლისკენ აღებული კურსიდან გადასვლა.

აქვე უნდა აღინიშნოს მთავარი ფაქტორი, რაც ჩვენთვის ყველაზე შემაძრწუნებელი და მიუღებელი გახლდათ. ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა და საქართველოს მოსახლეობამ ნათლად დავინახეთ თუ როგორ გათელეს მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების სახელისუფლებო ძალებთან დაახლოებულმა ხელმძღვანელებმა დემოკრატიული ფასეულობები, როგორ დაარღვიეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორ იძალადეს უდანაშაულო მოქალაქეებსა და თავისუფალ მედიაზე. ხოლო ყოველივე ეს, ემსახურებოდა პრო-რუსულ ინტერესებს, ყოველივე ეს იყო ცალსახა მცდელობა მოეხდინათ იმ დასავლური და ევროპული ღირებულებების გაუფასურება, რასაც ჩვენ საქართველოს ნათელი საზოგადოება ვირჩევთ, საქართველოს ნათელი მომავლისთვის.

ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ის რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ. შეუძლებელია იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, სადაც ნებისმიერი მოქალაქე ყოველივე მიზეზის გარეშე შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი; შემაშფოთებელია, როდესაც ხდება ეს ყველაფერი, ხედავ საკუთარი თვალებით და ამავდროულად ხედავ ხელისუფლების უმოქმედობას და საზოგადოების მოსატყუებლად ჩატარებულ მანიპულაციებს.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, აქტიურად განიხილება საქართველოს მიმართ სანქციების დადების შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს საზოგადოება, ვგმობთ ყოველგვარ უსამართლობას, ვისწრაფვით დემოკრატიისკენ, ვირჩევთ დასავლურ და ევროპულ ღირებულებებს, ნამდვილად გულსატკენია, ქვეყნის მომავალი შეეწიროს პრო-რუსული ძალების მხრიდან პროვოცირებულ მოვლენებს, რასაც ჩვენ უკვე მრავალჯერ ვუთხარით არა.

ვინაიდან, მსოფლიო მასშტაბით მრავლად არსებობს ცალკეულ პირებზე და კომპანიებზე პერსონალური სანქციების დაწესების პრეცენდენტი, ჩვენ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ უმორჩილესად გთხოვთ, რომ თქვენი მხრიდან განხილულ იქნას და პერსონალური სანქციები დაედოთ, საქართველოში მოქმედ მოძალადე, ჰომოფობიური და პრო-რუსული ძალების ხელმძღვანელებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის სახელისუფლებო რგოლებში.

 

 

მსგავსი სიახლეები