კაცმა, რომელიც ყველა ომის მონაწილეა, პირდაპირ ეთერში უყურა, როგორ გაიმეტეს მისი შვილი „სამშობლოს სახელით“

რუსთაველის გამზირზე, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაში არაერთი ჟურნალისტი დაზიანდა. მოძალადეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ჩვენი კოლეგის, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ.

 

აგრესორები რატი წვერავას პატრიოტიზმს, ღირებულებებს და ქართველობას უწუნებდნენ… თუმცა, ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ “პრაიმტაიმის” ამ სტატიიდან შეიტყობს, რომ რატი წვერავას ოჯახი სწორედ პატრიოტიზმით გამოირჩევა, თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლითაც…

 

ჩვენი კოლეგის მამა, ზაზა წვერავა ათწლეულებია, რაც მომავალ თაობებს ზრდის – ის წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორია.

 

მანამდე კი თავად იბრძოდა – 18 წლის იყო, როცა 9 აპრილს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეით ეროვნულ მოძრაობაში იყო… მერე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ახალგაზრდების ბრძოლისუნარიანობაზე ზრუნავდა… აფხაზეთის ომის დროსაც სამხედრო უწყებაში გახლდათ და რამდენიმე ოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. მაშინ, პრესაში მასზე წერდნენ…

 

ამბობს, რომ რუსეთის აგრესიას პირველ რიგში, საქართველოდან განათლება უნდა უპირისპირდებოდეს. ალბათ, იმის გამო, რომ რუსთაველზე შეკრებილი აგრესორების მსგავსად, რუსული პროპაგანდა რთულად ერეოდეს…

 

როგორ და რა ღირებულებებით იზრდებოდა რატი წვერავა, ამ კითხვაზე პასუხს აღნიშნულ სტატიაში მარტივად იპოვით, მათ შორის ისინიც, ვინც მას ფიზიკურად თავს დაესხა და ვისაც ესიამოვნა…

 

“ძალიან რთულია, სატელევიზიო ეთერში უყურო შენ შვილს, თუ როგორ უსწორდებიან, ქოლავენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმ მომენტშივე, რუსთაველის გამზირზე რატის დასახმარებლად წავედი, შოკი იყო ჩემთვის იმის ყურება, რაც ხდებოდა. ჩემს შვილზე საუბრისას შესაძლოა, მიკერძოებული ვიყო, მაგრამ ისეთი განათლებული, წესიერი ადამიანი, როგორიც რატია, წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ასე მოექცე.

წლების განმავლობაში, საქართველოში საზოგადოების ტრანსფორმაციის რეგრესული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენი ცხოვრების წესი დრომოჭმულ წესს უბრუნდება და ეს ძალიან ცუდია. 18 წლის ვიყავი, როცა ეროვნული მოძრაობის ფერხულში გამოვდიოდი და ვცდილობდი, მომავლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა. ამიტომ, 9 აპრილის მოვლენების დროს მძიმე ინტოქსიკაცია მივიღე, რის გამოც ორი კვირა კლინიკაში ვიმყოფებოდი.

 

მომხდარის შემდეგ, როცა რატი თავისი განცდების შესახებ საუბრობდა, – რატი ამბობდა, შველას ველოდი და არ ვიცოდი, ვისგანო. სწორედ 9 აპრილს, რუსის ჯარის მიერ მომიტინგეების დარბევის დროს ჩემი განცდები გამახსენდა – მაშინდელი მილიცია ვერ გვიშველიდა, უფალს ჩავხედე თვალებში და სწორედ უფალმა გადამარჩინა.

 

32 წელი 9 აპრილიდან  – საზოგადოება მაშინ და ახლა…

 

“დღეს, ჩვენი საზოგადოება იმ ფასეულობებზე ვერ ჩამოყალიბდა, რომლებზეც თაობები უნდა იზრდებოდნენ. ორი მხარეა – ნათელი და ბნელი. ისინი, ვინც ტოლერანტები არიან, ვინც ირჩევს პროგრესს და განვითარებაზე ორინეტირებულნი არიან, მხარს ნათელ გზას უჭერენ.

 

ისინი, ვინც შავ-ბნელ მხარეს არიან, ქვეყნის ნგრევას უჭერენ მხარს. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ბევრ “ვაჟკაცთან” მქონია ურთიერთობა, ახლაც, ბევრი ამოვიცანი…

 

წლების განმავლობაში, საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, ათწლეულზე მეტი სამობილიზაციო სამსახურის უფროსი ვიყავი, სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევას რეკრუტირებას ვუწევდი. ამ პროცესში არაერთი პატრიოტი მინახავს, რომლებიც თხოვნით მოდიოდნენ და რწმენის, აღმსარებლობის თავისუფლების მოტივაციის გამო, სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარს ამბობდნენ და ეწერებოდნენ იმ კატეგორიებში, რომლებიც უარს ხელში იარაღის აღებაზე და ჯარში სამსახურზე ამობდნენ.

 

სწორედ ისინი, საჯაროდ გამოდიოდნენ ისეთი ლოზუნგებით, როგორ “პატრიოტებსაც” ახლა ვხედავთ. არაერთი სასულიერო პირის გამოგზავნილი წერილი მიგვიღია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში კონკრეტული პირები არ გაგვეწვია სტიქაროსნობის, ეკლესიისთვის სასარგებლო საქმიანობის გამო.

 

 – არ მიგაჩნიათ, რომ იმ მოძალადე ადამიანებისთვის, ვისთვისაც რატი არ არის მისაღები, ეს ერთგვარი ქათინაურია?

 

– რატი არის ნაღდი ქართველი, ნაღდი პატრიოტი კაცი და სულაც არ მაინტერესებს საზოგადოების რომელიმე ჯგუფი, ან კლასი თუ იტყვის მასზე რაიმე ისეთს, რაც ჩვენს ოჯახიშვილობაში, ტრადიციებსა და მსოფლმხედველობაში დამყარებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოქალაქეა, რომელიც კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

რატის ძმები ჰყავს, რომლებიც ზუსტად ასე ფიქრობენ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ტოლერანტულები რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ვისაც სურს, ქართული სახელმწიფო შედგეს, უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ან აღმსარებლობით მხოლოდ მართლმადიდებელი არ არის, ეს კლასების თანაცხოვრებაა.

 

ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმოღვაწეობ, სტუდენტებს უსაფრთხოებას, სოციალურ პოლიტიკას ვასწავლი. ვცდილობ, წვლილი შევიტანო მომავალი საჯარო მოხელებიის განათლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მათ სახელმწიფოს მშენებლობაში ღირსეული მონაწილეობა მიიღონ.

 

უმძიმეს 90-იან წლებშიც, საჯარო მოხელე გახლდით, თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს აპარატში ვმუშაობდი. 2002 წლიდან კი, სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი. მომდევნო წლებში – სარეზერვო სამსახურში ვიყავი. არაერთ თვდაცვის უნარიანობის განამტკიცებისკენ მიმარულ სახელმწიფო პროექტსა და მათ შორის – საკანონმდებლო აქტების ფორმირების პროცესში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

 

– აფხაზეთის ომის მონაწილეც ხართ… 

 

– 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ვიყავი, რამდენიმე ოპერაციაში ვმონაწილეობდი.

 

– რას გვეტყვით რატის დიდ ოჯახზე?

 

– შესაძლოა, ჩემი ოჯახის შეფასებაზე სუბიექტური ვიყო… ისინი ჩემთვის ძალიან კარგები არიან. მთელი ჩემი რესურსი ჩადებული მაქვს შვილების განათლებაზე. ვცდილობდი, მათი განათლება დამეპირისპირებინა რუსეთის აგრესიისთვის და ქვეყნის შიგნით დამანგრეველი პროცესის ხელშემწყობი ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ამ განწყობითა და პათოსით ვზრდიდი შვილებს და მათთან ერთად ვიზრდებოდი მეც, როცა დავოჯახდი 23 წლის ვიყავი.

 

ჩემი შვილების დედა, ნათია ბედიაშვილი მეგობარი დედაა. ის პროფესიით იურისტია და საჯარო მოხელეა. რატიმ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, პირველად დედას დაურეკა…

 

ჩემი უფროსი შვილი ლაშა წვერავა, უწესიერესი კაცია, ისიც საჯარო მოხელეა. ხოლო რატის ტყუპის ცალი, ცოტნე წვერავა ერასმუსის პროგრამით სტამბოლში იყო წასული, პოლიტოლოგიას სწავლობდა და საქართველოში ახლახანს დაბრუნდა, ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ისე როგორც – რატი.

 

ჩვენს დიდ ოჯახში ბებიაც ცხოვრობს, რომლის გავლენა შვილიშვილებზე დიდია. ქართული ცხოვრების წესი, სიყვარული, სიკეთე, ეს ყველაფერი ჩემს შვილებს ბებიისგან აქვთ ნასწავლი.

 

 – რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც სხვების უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან?

 

– ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა – როცა თქვენ ვითომ პატრიოტების ჯგუფს უპირისპირდებით, ესეც თავისუფლებისთვის ბრძოლაა. მერწმუნეთ, ამ ბრძოლაში ჩემი თაობის არაერთი წარმომადგენელი თქვენს გვერდით არის. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმის გაკეთება, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ.

 

დიდი მადლობა რატის თანადგომისთვის და მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და თავიანთი სიცოცხლის ფასად საზოგადოებისთვის სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ცდილობენ. თანადგომას ვუცხადებ ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს და მათ, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისთვის იბრძვიან!

 

primetime.ge

მსგავსი სიახლეები