ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. გააცოცხლეს თაროზე შემოდებული საქმე. “Tv პირველის” დამფუძნებლის მამა ისევ სასამართლოში დაიბარეს, იგივე საქმეზე, დაზარალებული რომ არავინაა და არც მომჩივანი. არაფერი ამათ არ შეცვლის. არაფერი”, – წერს ინგა გრიგოლია და არხის მფლობელს, სადაც თავად მუშაობს, მხარდაჭერას უცხადებს.
„ვატო (ვახტანგ წერეთელი), ერთად ვართ ბოლომდე ომშიც, სიხარულშიც, გამარჯვებებშიც და დამარცხებებშიც. ტრი-ტრის რომ ასე არ გაატარებდნენ, კი ვიცოდით! მინის და სტების გაფიცებთ… მთლად ტრი-ტრია ახლა პირველი კაცი და ადარდებს ახლა იმას მიშელი და მისი დოკუმენტი?!“, – წერს ინგა გრიგოლია.
ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 2 ივლისსაა ჩანიშნული.
ამავე თემაზე რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა არხის მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა.
„ახლა 71 წლის კაცით დაიწყეს ჩემი და ჩემი არხის შანტაჟი. მინდა, ამ ხალხს ვუთხრა – გამორიცხულია, ბევრი რამ დავკარგე, რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო ისეთი, როგორც არის დღეს. მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვის ტვინშიც ეს „კაკებეშნიკური“ შანტაჟები იხარშება – გამორიცხულია, ამ არხს ვერ დააჩოქებენ. ასევე მინდა ვუთხრა – ისევ ისე ძალიან ბევრი კრიტიკული გადაცემა გავა ამ არხზე, ბევრი კითხვა დაისმევა, ძალიან ბევრი საგამოძიებო სიუჟეტი მომზადდება, რომელიც შეეხება ამ ადამიანების კორუფციულ საქმეებს, ფულის გათეთრებას, კრიმინალს. არ მახსენდება სამთავრობო არხებზე, მათ დამფუძნებლებსა და ოჯახის წევრებზე რამე სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული, ამიტომ ვუკავშირებ კი არა, პირდაპირი იერიში არის ამ არხზე, რომ გააჩუმონ და დააჩოქონ“, – აცხადებს ვახტანგ წერეთელი.
შეგახსენებთ, პროკურატურა ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო – აცხადებდა საქმის პროკურორი 2020 წლის მარტში და მიზეზად ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა.
წყარო: BM.ge