დღესაც გაგიმეორებთ – ის, რაც ჩვენ 5-6 ივლისს ვიხილეთ, აღარასდროს უნდა გამეორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის აგრესია, რომელიც ვიხილეთ ჟურნალისტების მიმართ, არათუ არ უნდა გამეორდეს, არამედ ყველა მოძალადე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორგანიზატორები უნდა გამოვლინდნენ და აუცილებლად დაისაჯონ.
„შესაბამისი ვიდეოკადრებიც არსებობს და, როგორც ვიცი, გამოძიებისთვის ჩვენებების მიცემა ინტენსიურად გრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, მე პირადად არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი უცებ მომხდარი ამბავი იყო. ეს ნამდვილად იყო ჟურნალისტებზე გარკვეული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმა“, – აღნიშნა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ხელისუფლების უშუალო პასუხისმგელობა ღია და გახსნილი გამოძიების ჩატარებაა.
„სახელმწიფომ ღია გამოძიებით უნდა მოახდინოს აბსოლუტურად ყველას იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. როგორც იცით, პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა. ამ საკითხს პარლამენტში აუცილებლად განვიხილავთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.