სამოქალაქო განვითრების და მონიტორინგის ცენტრის
საგანგებო განცხადება ! ! !
პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ TV-პირველის ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, არა მხოლოდ პროცესში მონაწილე უმართავი ჯგუფის წევრების არამედ ამ ყველაფრის ორგანიზატორების მიმართ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკონტროლო მოძალადე ჯგუფებს ორგანიზებას უწევდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც იმართებოდნენ კონკრეტული დაინტერესებული ადამიანების მიერ.
კერძოდ: განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა რამოდენიმე მსგავსი ჯგუფი. ერთი ჯგუფის ორგანიზატორი გახლდათ კონსტანტინე მორგოშია, მეორე ჯგუფის ორგანიზატორი იყო გურამ ფალავანდიშვილი. მოვლენებს არც ლევან ვასაძე გამოაკლდა და აქციაზე მისი ჯგუფიც დომინირებდა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პირები იმართებოდნენ და მოქმედებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მითითებებით. კერძოდ: სუსის ოპერატიული მუშაკების ინფორმაციის საფუძველზე, სუსის პირველი მთავარი სამმართველო, უკონტროლო ჯგუფების ორგანიზატორებს აწვდიდა ინფორმაციას, თუ რა ლოკაციებზე გადაადგილდებოდნენ აქტივისტები, ამასთან, აძლევდნენ კონკრეტულ მითითებებს თუ რა ლოკაციაზე უნდა განეხორციელებინათ „შეტევა“. პირველი მსგავსი მითითება იყო რუსთაველზე კარვების ძალისმიერი მეთოდებით დაშლა-დარბევა. ამის შემდგომ, მომდევნო მითითება იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ოფისზე შტურმი, სადაც მათივე გადაცემული ინფორმაციით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ მცირე რაოდენობით. ამავდროულად მიიღეს მითითება გადანაწილებულიყვნენ და დაძრულიყვნენ პრაიდის ორგანიზატორების ოფისის დასარბევად. შემდგომ მიიღეს ინფორმაცია, რომ დაძრულიყვნენ საბურთალოზე მდებარე კონსპირაციული ოფისის მიმართულებით, კვლავ დასარბევად.
კონკრეტულად, განვითარებული მოვლენების კორდინაციაში ჩართული იყვნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც კურირებს შიდა პოლიტიკურ საქმეებს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც კურირებს ქალაქ თბილისის დეპარტამენტს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი და თბილისის რაიონული სამმართველოების უფროსები.
რაც შეეხება ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს, ჩვენი ინფორმაციით მსგავსი მოწოდებები გაკეთებულ იქნა კონსტანტინე მორგოშიას და გურამ ფალავანდიშვილის ჯგუფების მხრიდან.
ჩვენ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ მოვუწოდებთ ყველა ჩვენ მეგობარ თუ არამეგობარ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისგან გამიჯნული განცხადება და გადავიდეთ მოქმედებაზე. საქმის კურსში ჩავაყენოთ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიები, საელჩოები და გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად.
ამ ყველაფრის შემდეგ, ვთვლით, რომ აუცილებელია დადგეს ზემოთ ხსენებული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვინც თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით, პირდაპირ თუ ირიბად ხელი შეუწყო იმ პროცესებს რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული მოვლენები.