300%-ით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 298 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილები ჯამში 308.1 მილიონ აშშ დოლარამდე [944.8 მილიონი ლარი] გაიზარდა, რაც 114.1 მილიონი აშშ დოლარით [58 პროცენტი] მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აპრილში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი.

ფულად გზავნილებში გადმორიცხვების სიმრავლით მეორე ადგილზეა იტალია – 33.40 მილიონი აშშ დოლარი, მესამე ადგილზეა აშშ – 25.02 მილიონი აშშ დოლარი.

2022 წლის მარტში საქართველოში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს. მარტში გადმორიცხვების სიმრავლით პირველ ადგილზე იტალია იყო 36 მილიონი აშშ დოლარით, მეორეზე რუსეთი – 27 მილიონი აშშ დოლარი, მესამე ადგილზე კი, აშშ – 25 მილიონი აშშ დოლარი.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები