დღეს, 17 ოქტომბერს ახალციხეში, რესტორან „ივერიაში“ 120 კაციანი ქორწილი გადაიხადეს.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით რესტორანში სამართალდამცავები იყვნენ შესულები.
როგორც მეპატრონემ გვითხრა, მისთვის ჯარიმა ჯერ არ გამოუწერიათ.
„რამდენიმე დღეა ვიქირავე ეს რესტორანი, გუშინ ყველა რესტორანმა გააკეთა ქეიფები და სუფრები და დღეს მეც გავაკეთე. 120 კაციანი სუფრაა გაშლილი. ხვალ დაწერენ ალბათ ჯარიმას“,–გვითხრა მეპატრონემ.
დაჯარიმდება თუ არა რესტორანი აღნიშნულს რედაქცია როგორც შსს–ში, ისე შრომის ინსპექციის სამსახურში არკვევს.
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სოციალური ღონისძიებები, მათ შორის ქორწილების და ქელეხების გადახდა იკრძალება.
დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოში, გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, მათ შორის 95 სამცხე–ჯავახეთში.